ახალი კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით ინფიცირებული 50 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 31 მართვით სუნთქვაზეა

armenpress.am

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ცნობით, საქართველოში, ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის 5 974 აქტიური შემთხვევა, მათგან 50 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება.

კრიტიკული პაციენტებიდან 31 მართვით სუნთქვაზეა, აქედან 7 პაციენტი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდანაა გადმოყვანილი, ხოლო ერთი ცხინვალიდან.

დღეს, 13 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა აღირიცხა, 207 აჭარაში დადასტურდა, თბილისში - 168, იმერეთში 117 - პაციენტი, შიდა ქართლში - 25, ქვემო ქართლში - 7, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 24, გურიაში - 8, კახეთსა და მცხეთა მთიანეთში 5-5 ახალი შემთხვევა და სამცხე-ჯავახეთში - 3.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი, მათგან 5 აჭარაში.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 867 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 102 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები