ახალი კორონავირუსი საქართველოში

სიცხის გაზომვა, პირბადის ტარება, დისტანცია – სვეტიცხოვლობაზე დასწრების წესები

სვეტიცხოველი
თბილისის მერია

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ხვალ, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის ეზოში შემსვლელ პირებს ტემპერატურას გაუზომავენ. ასევე, აუცილებელი იქნება პირბადის ქონა და დისტანციის დაცვა.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე  ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო. საპატრიარქოს ცნობით, დღეს, 13 ოქტომბერს, ლოცვა 17:00-ზე დაიწყება, ხვალ, 14 ოქტომბერს კი წირვა 10:00 საათზე.

13 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 6 867 გამოჯანმრთელდა და 102 - გარდაიცვალა. ამ დროისთვის, 5 590 ადამიანი კარანტინის რეჟიმში იმყოფება, 836 - სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო 1393 - Covid-სასტუმროში. გარდა ამისა, ათასზე მეტი მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტი ბინაზე მეთვალყურეობის სერვისით სარგებლობს.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები