დავითგარეჯის საქმე

ვოლსკი: პირველად ვხედავ, მიტინგს აწყობენ, ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნის და არა საქართველოსო

ტაბულა

„პირველად ვხედავ ადვოკატებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან და მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს". –ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი დავით გარეჯის თემაზე საუბრისას. მისივე თქმით, სახელმწიფო საკუთარ ინტერესებს უნდა იცავდეს და არა რომელიმე კონკრეტული ადამიანის.

„პირველად ვხედავ ადვოკატებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან და მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს. ეს არის გასაოცარი და ასეთი გააფთრება სწორედ გამოწვეულია იმისაგან, რასაც წინასაარჩევნო პერიოდი ჰქვია. სახელმწიფო უნდა იცავდეს თავის თავს და უნდა იცავდეს საკუთარ ინტერესებს და არა კონკრეტული რომელიმე ადამიანის ან პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს.

ეს არის აქსიომა და გარდა ამისა, კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა მწუხარება იმის გამო, რომ ამ დარღვევაში კონკრეტული ადამიანები მონაწილეობდნენ და შესაძლოა, მათ განსასჯელის სკამიდან სასჯელაღსრულების სისტემაში გადაინაცვლონ. ეს არის სამწუხარო ამბავი და უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და არა რომელიმე პოლიტიკოსის განცხადებას". – ამბობს ვოლსკი. 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილსა და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ხოლო ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს 20 000-ლარიანი გირაოთი.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

კომენტარები