კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: შეიქმნა 5 მობილური ჯგუფი, ერთი ბათუმში წავა, ერთი ქუთაისში, სამი თბილისში იმუშავებს

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში 5 მობილური ჯგუფი, ბრიგადა შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში 1 ინფექციონისტი, 1 წამყვანი რეანიმატოლოგი და სამინისტროს 1 წარმომადგენელი, ოფიციალური პირი შევა. 

ცერცვაძის თქმით, 2 ჯგუფში რამდენიმე პრაქტიკოსი ექიმი დაემატება, ვისაც კორონავისურთან ბრძოლის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. 

ცერცვაძის ინფორმაციით, 5 ჯგუფიდან 1 აჭარაში წავა, ეს ჯგუფი გაფართოებული იქნება - გარდა ინფექციონისტის, რეანიმატოლოგისა და სამინისტროს წარმომადგენლისა, ჯგუფის შემადგენლობაში 3 ახალგაზრდა ექიმი შევა. 

მისივე თქმით, მეორე ჯგუფი ქუთაისში ჩავა, რადგან "სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას ქუთაისი."  

თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ დანარჩენი 3 ჯგუფი თბილისში იმუშავებს. 

"ამ ჯგუფს ექნება შერეული ფუნქცია. ის გააკეთებს აუდიტს, შეაფასებს ყველა ძლიერ და სუსტ მხარეს ამა თუ იმ კლინიკის - ვის სად უჭირს და ვის სად არ უჭირს. ამაზე შემდეგ სამინისტრო მოახდენს რეაგირებას, სად რა რგოლი გააძლიეროს. 

ის არ შემოიფარგლება მარტო აუდიტის, ინსპეტირების ფუნქციით, არამედ გაუწევს პრაქტიკულ დახმარებას - ჯგუფის წევრები არიან პრაქტიკოსი ექიმები, ისინი გაუწევენ ადგილზე დახმარებას. ამის საჭიროება გვიჩვენა ბოლო 2-3 კვირის ტენდენციამ, როცა ფიქსირდებოდა შემთხვევების ზრდა და ერთეული, მაგრამ მაინც სიკვდილობის ზრდა. ამაზე მყისიერი საპასუხო ზომებია საჭირო. იმედი მაქვს, შედეგს იგრძნობს საქართველო სულ რაღაც ერთ კვირაში". – ამბობს ცერცვაძე. 

ცერცვაძის ინფორმაციით, ჯგუფი, რომელიც ბათუმსა და ქუთაისში წავა, 2 კვირის განმავლობაში იქ დარჩება და ექიმებთან ერთად იმუშავებენ. მისივე თქმით, ბრიგადა, რომელიც თბილისში რჩება, სავარაუდოდ, დღეში რამდენიმე საათით მივა საკურაციო კლინიკაში. 

13 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 867 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 102 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები