რეკლამა

® Covid-ინფიცირებულთა არჩევნებში მონაწილეობა - ცესკოში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს სპეციალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის შესახებ იმსჯელეს.

როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ შეხვედრის გახსნისას აღნიშნა, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის უსაფრთხოების პრიორიტეტების გათვალისწინება და მეორე მხრივ კი, არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლების მაქსიმალურად შენარჩუნება იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში, საკარანტინო სივრცეში ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან. 

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის გამო, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით, კენჭისყრის ჩატარების მიზანშეწონილობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დადგენის და ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრა მოხდება.

ცესკოს ინიციატივით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი ამ საკითხზე დღეს უკვე მეორედ შეიკრიბა. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტში აისახება დღევანდელ შეხვედრაზე დაფიქსირებული მოსაზრებები და  კიდევ ერთხელ გაეგზავნებათ სამუშაო ჯგუფის წევრებს.

სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ჩართული არიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე უკვე შეიმუშავა და დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი

კომენტარები