დავითგარეჯის საქმე

ხიდაშელი: სამშობლოს მტკიცებულებები დავუბრუნე, ნუთუ ქვეყნის სამსახური დანაშაულია?

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც ქართულ მხარეს დავითგარეჯის რუკების დედნები გადასცა, განცხადებას ავრცელებს. მისი მტკიცებით, კარტოგრაფიული მასალა რომელიმე ხელისუფლებისთვის არ ჩამოუტანია და რუკები ქვეყანას დაუბრუნა. ხიდაშელი წერს, რომ პრესკონფერენციის გამართვა გადაიფიქრა და ამ ეტაპზე, საჯარო კომუნიკაციას აღარ აპირებს.

"თქვენ იცით, რომ მსურდა მომეწვია პრესკონფერენცია, რათა ქართული მედიასაშუალებების სრულ სპექტრს შევხვედროდი და დამეკმაყოფილებინა მათი ინტერესი. მეტიც, ერთ-ერთ აქტიურ ჟურნალისტს დავპირდი კიდეც, რომ პირველი კითხვის დასმის უფლება, ჩემს პრესკონფერენციაზე, პირადად მას ექნებოდა.

თუმცა, მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა - ჯერ საქართველოში არყოფნამ, ხოლო შემდეგ კოვიდ 19-თან დაკავშირებულმა პროტოკოლმა გარკვეული კორექტივები შეიტანა ჩემს გეგმებში, მაგრამ ესეც არ არის მთავარი.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში რა არ მოვისმინე საკუთარ თავზე სხვადასხვა ტელევიზიებიდან: რომ თურმე ვარ სამშობლოს მოღალატე და ოკუპანტი სახელმწიფოს ჯაშუში; რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უდიდესი ძალისხმევის შედეგად მოძიებული უმნიშვნელოვანესი კარტოგრაფიული მასალის საქართველოში დაბრუნება - თურმე ქვეყნის მტრობა ყოფილა.

საქმე მხოლოდ უაპელაციო ბრალდებებში, ცილისწამებასა და ენითაუღწერელ შეურაცხყოფებშიც არ არის, თუმცა, დამეთანხმებით, პოლიტიკიდან შორს მდგომი ადამიანისთვის და, განსაკუთრებით, მისი ოჯახისთვის, ესეც დიდი განსაცდელია.

გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ გაოგნებული ვარ საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულებით - აღნიშნული კარტოგრაფიული მასალა რომელიმე ხელისუფლებისთვის არ ჩამომიტანია. მე ჩემს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მათ შორის იმათაც, ვინც თავს მესხმის, ის მტკიცებულებები დავუბრუნე, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს.

ნუთუ ქვეყნის სამსახური და მისი ინტერესების დაცვაში მოკრძალებული წვლილის შეტანა დანაშაულია?

როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის მართლაც ასეა, რადგან ერთ-ერთი ტელევიზიის გენერალური დირექტორი პირდაპირ ეთერიდან დაპატიმრებითაც კი დამემუქრა.

ცხადია, რომ ამ კატეგორიის ხალხს კითხვებზე პასუხის მოსმენა საერთოდ არ სურთ. მეტიც, ჩემი გადასახედიდან ისინი უბრალოდ არ არიან მედიის წარმომადგენლები და მათთან ურთიერთობაში აზრს ვერ ვხედავ, რადგან არ ასრულებენ მედიის მთავარ - საზოგადოების ობიექტური ინფორმირების ფუნქციას.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, მათზე დრო საერთოდ აღარ დავხარჯო. ინტერვიუ მივეცი ერთ-ერთ არხს და ვეცადე საზოგადოებაში დაგროვილ ყველა კითხვაზე გამეცა ამომწურავი პასუხი. მეტ საჯარო კომუნიკაციას, ამ ეტაპზე, არ ვგეგმავ.

აქვე, მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მედიასაშუალების წარმომადგენელს, ვისაც არც ადამიანური და არც პროფესიული ეთიკა არ დაურღვევია და გულწრფელად სურდა ჩემთან შეხვედრა. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში, თუ ამის აუცილებლობა დადგა, გაფართოებულ ფორმატში შევხვდე მათ წარმომადგენლებს". – ნათქვამია ხიდაშელის განცხადებაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

7 ოქტომბერს დააკავეს საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა. პროკურატურა მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართულ მოქმედებას სდებს. ილიჩოვასა და მელაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". საუბარია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ხსენებული რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა.

2 ოქტომბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია სწორედ დავით-გარეჯის რუკების შესახებ. პირველი არხის მიხედვით, მათ ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა დაუდასტურა, რომ რუკების დედნები, რომლის საფუძველზეც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს მან გადასცა.

კომენტარები