ყირგიზეთი

მესამე რევოლუცია თუ კლანური დაპირისპირება? - რა ხდება ყირგიზეთში

0 კომენტარი

ავტორები: თინა თვაური, ქეთი ხუციშვილი

4 ოქტომბერს ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შედეგების გამოცხადებას მასშტაბური აქციები მოჰყვა, რადგან აღმოჩნდა, რომ 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16-დან მხოლოდ ოთხმა პარტიამ შეძლო. მანდატების ნახევარზე მეტი ორ პარტიას შორის გადანაწილდა. ერთ-ერთი მათგანი მოქმედი პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის პარტია ერთობაა, მეორე კი პარტია ჩემი სამშობლო ყირგიზეთი, რომლის უკანაც მატრაიმოვების ოჯახი დგას. ამან მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მალევე აქციების განვითარებამაც რადიკალური მიმართულება მიიღო, მომიტინგეებმა აიღეს სამთავრობო შენობები და პატიმრობიდან გაათავისუფლეს ყოფილი პოლიტიკოსები, მათ შორის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი.

აქციების ფონზე ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გააუქმა. შედეგად, ხელახალი არჩევნების ჩატარების დრო უახლოესი ერთი თვის განმავლობაში უნდა დასახელდეს.

პარალელურად, ჟეენბეკოვმა დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და თქვა, რომ მზად იყო თანამდებობა დაეტოვებინა, თუ დამტკიცდება გარდამავალი ხელისუფლება და დაინიშნება არჩევნები, თუმცა, ჯერჯერობით, პარტიებს შორის შეთანხმება არ მომხდარა.

შეიქმნა პოლიტიკური პარტიების რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც შეკრებებს სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის სასტუმროსა და კინოთეატრის შენობებში მართავენ. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე პრემიერმინისტრად ყოფილი პარლამენტარი და დემონსტრანტების მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებული, სადირ ჯაფაროვი აირჩიეს, თუმცა მის ლეგიტიმურობას სხვა პოლიტიკური აქტორები არ აღიარებენ.

ქვეყანაში განვითარებული მოვლენების უკეთ აღსაქმელად ტაბულა გთავაზობთ ყირგიზეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების შეფასებებს.

არის თუ არა ეს მესამე რევოლუცია?

"ზუსტი სახელის და განსაზღვრების ძებნა იმისათვის, რაც მოხდა, ნაადრევად მეჩვენება და ჯერჯერობით, გამოსადეგი არ არის. ბევრი, 2005 და 2010 წლების მოვლენებიდან გამომდინარე, ამას ავტომატურად უწოდებს მესამე რევოლუციას, მაგრამ, ჩემი აზრით, საქმე იმაში არაა, რას ვუწოდებთ ამას. მოვლენები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. რა იქნება ამ პროცესის შედეგი, ჯერ კიდევ უნდა ვნახოთ". - ამბობს პოლიტოლოგი და ცენტრალური აზიის ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი ემილ ჯურაევი.

ის საუბრობს პარალელებზე 2005 და 2010 წლებში მომხდარ რევოლუციებსა და მიმდინარე მოვლენებს შორის. ჯურაევს მიაჩნია, რომ ამჟამადაც, ისევე, როგორც 2005 წელს, აქციებს ბიძგი მისცა არჩევნების გაყალბებამ, რასაც წინ უძღოდა კორუფცია და პოლიტიკაში ოჯახური კლანების ჩარევა:

"ვხედავთ გამოსვლებს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება არჩევნებს. ასეთი რამ მოხდა 2005 წელსაც, მაშინაც ბიძგად იქცა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც იყო ერთმანდატიანი, ჩატარდა უხეში დარღვევებით და მიგვიყვანა რევოლუციამდე. მათ, ვინც ახლა ამბობენ, რომ აქციები პროპორციულმა სისტემამ გამოიწვია და ამიტომ ერთმანდატიანზე უნდა დავბრუნდეთ, უნდა ახსოვდეთ, რომ 2005 წელს ამის შედეგებიც ვნახეთ.

ახლა ბიძგად იქცა მასობრივი მოსყიდვები, ამომრჩევლებზე ზეწოლა, ხალხის გადაყვანა ერთი ოლქიდან მეორეში, კონტროლი იმაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას ამომრჩევლები. არ ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებული იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან. რეალური მიზეზი არის ის, რაც ხდებოდა არჩევნებამდე. ამას კი წინ უძღოდა კორუფცია, პოლიტიკაში ოჯახური კლანების ჩართვა, მატრაიმოვების ოჯახის". - ამბობს ის.

2005 წელს ტიტების რევოლუციამ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, თითქმის 15 წლის განმავლობაში ყირგიზეთის პირველი პრეზიდენტის, ასკარ აკაევის მმართველობა დაასრულა. ჯურაევს მიაჩნია, რომ რევოლუციას საჭირო რეფორმები არ მოჰყოლია, რამაც მოვლენების იგივე სცენარით განვითარება გამოიწვია:

"2005 წელს მოხდა ის, რასაც ტიტების რევოლუციას ვუწოდებთ, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდა კვლავ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც რევოლუციამდეც იყვნენ. ყურადღება რომ გავამახვილოთ იმაზე, როგორ წავიდა პოლიტიკური სისტემის ცვლილებები, ვნახავთ, რომ მაშინ გამოჩნდა ახალი პრეზიდენტი კონსტიტუციური ცვლილებების გარეშე. ამაში პოლიტოლოგები ხედავენ მთავარ მიზეზს, თუ რატომ არ შეიცვალა არაფერი ხარისხობრივად და მეტიც, გაუარესდა კიდეც ავტორიტარიზმისა და კორუფციის მიმართულებით. 

2010 წელს უკვე ვიხილეთ პრეზიდენტ კურმანბეკ ბაკიევის ჩამოგდება, რომელიც ხელისუფლებაში აკაევის შემდეგ იყო. მის დროსაც იყო იგივე კორუფცია, ოჯახურ-კლანური მმართველობა, ავტორიტარიზმი, უფლებების შეზღუდვა და ა.შ. ამან მიგვიყვანა 2010 წლის რევოლუციამდე".

2010 წლის რევოლუციის შემდეგ თანამდებობა დატოვა პრეზიდენტმა, დაიშალა მთავრობა, პარლამენტი, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები. მათი უფლება-მოვალეობები გადაიბარა 14 წევრისგან შემდგარმა დროებითმა მთავრობამ, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, იმავე წელს დანიშნა საპარლამენტო არჩევნები, მომდევნო წელს კი საპრეზიდენტო არჩევნები.

"მე მეკითხებოდნენ არჩევნებამდე, ელით თუ არა, რომ მოვლენები ბელარუსის სცენარით განვითარდება? რეალურად, ეს ყირგიზული სცენარია. ის რაც ახლა ბელარუსში ხდება, ყირგიზეთში ორჯერ გამოვცადეთ. ეს უკვე ორჯერ მოხდა და მარტივი დასაშვები იყო, რომ მესამედაც მოხდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ იყო უფრო მეტი ინფორმაცია დარღვევებზე და მობილიზაცია". - ამბობს ჯურაევი.

… თუ კლანური დაპირისპირება?

მოვლენების განვითარება მოულოდნელი და გარკვეულწილად გაუგებარი აღმოჩნდა არა მხოლოდ გარეშე დამკვირვებლებისთვის, არამედ თავად ყირგიზეთის მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის.

"გულწრფელად რომ ვთქვა, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ის ხალხი, ვინც ყირგიზეთიდან არაა, ვინც ცდილობს ახლა გაერკვიოს, რა ხდება ჩვენთან, ეს დაახლოებით იგივეა, რომ სატახტოთა თამაშების ყურება მეექვსე სეზონიდან დაიწყო. ყირგიზეთის პოლიტიკა საოცრად რთულია, იმდენად ბევრი განშტოება აქვს, რომ მასში ჩვენც გვიჭირს ხანდახან გარკვევა". - ამბობს ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი მედიის, kloop.kg-ს თანადამფუძნებელი ბეკტურ ისკენდერი.

ის საუბრობს მიმდინარე მოვლენებში კლანების როლზე, განსაკუთრებით კი გამოჰყოფს მოქმედ პრეზიდენტ ჟეენბეკოვსა და ყოფილ პრეზიდენტ ატამბაევს შორის არსებულ დაპირისპირებას.

"ატამბაევის პრეზიდენტობისას არსებობდნენ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები, რომელებიც მას მოელაპარაკნენ სტატუს-კვოზე. ყირგიზეთში კრიმინალს აქვს რეალური ძალა და გავლენა. ეს არის კამჩი კოლბაიევი, ჩვენი მთავარი კანონიერი ქურდი, რომელიც ყველაფერს წყვეტს, მატრაიმოვების ოჯახი, რომლებმაც ძალიან ბევრი ფული იშოვეს იმით, რომ მონაწილეობდნენ ჩინეთიდან საქონლის ყირგიზეთის გავლით გადატანაში. და ეს ყველაფერი ხდებოდა ატამბაევის ჩუმი თანხმობით". - ამბობს ისკენდერი

იმისათვის, რომ წინამორბედების ბედი არ გაეზიარებინა, ატამბაევი ახალი კონსტიტუციით განსაზღვრულ ერთ საპრეზიდენტო ვადას დასჯერდა და თანამდებობა დატოვა, თუმცა მმართველობის უკანასკნელ წლებში აქტიურად დაიწყო შემცვლელის შერჩევა, რათა რეალური ძალაუფლება არ დაეკარგა და ჩადენილი უკანონო ქმედებებისა და კრიმინალთან კავშირის გამო გასამართლების საფრთხის წინაშე არ დამდგარიყო. ამისათვის მან თანაპარტიელი სოორონბაი ჟეენბეკოვი შეარჩია. თავდაპირველად, ყველაფერი ატამბაევის გეგმის მიხედვით მიდიოდა, თუმცა, დროთა განმავლობაში, ჟეენბეკოვმა კლანებთან საკუთარი ურთიერთობები დაამყარა და ატამბაევის მხრიდან მუდმივი შეხსენება იმისა, თუ რას მოელოდნენ მისგან და რა უნდა გაეკეთებინა, ზედმეტად მიიჩნია. ატამბაევმა სცადა, ძალაუფლება კვლავ თავად დაებრუნებინა. მმართველი პარტიის კრებაზე ის თავმჯდომარედ აირჩიეს და ჟეენბეკოვისგან დისტანცირების მიზნით მან პარლამენტის უმრავლესობაში მყოფი პარტია ოპოზიციადაც გამოაცხადა.

სოორონბაი ჟეენბეკოვი და ალმაზბეკ ატამბაევი

ყოფილი პრეზიდენტი მის მემკვიდრეს კორუფციასა და ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებდა და საუბრობდა მის კავშირებზე ოლიგარქ რაიმბეკ მატრიამოვთან, რომელიც ყირგიზეთში ფულის გათეთრების ყველაზე დიდი სკანდალის შუაგულშია.  პარალელურად, ჟეენბეკოვმა განხეთქილების შემდეგ მთავრობაში ატამბაევის მიერ დანიშნული პირები შეცვალა. მან დაიწყო ბიშკეკის თერმული ელექტროსადგურის გარშემო ატეხილი სკანდალის გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ატამბაევის მარჯვენა ხელი, პრემიერმინისტრი, საფარ ისაკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მის მთავრობას კი უნდობლობა გამოუცხადეს. კორუფციის საქმეზე სულ 30 ოფიციალური პირი დააკავეს.

სწორედ ამ პერიოდში გაიყო მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია ჟეენბეკოვისა და ატამბაევის მომხრეებად. 2020 წლის არჩევნებში ატამბაევის მომხრეთა პარტიამ პარლამენტში შესვლა ვერ შეძლო. პარტიის გაყოფის გარდა, ყირგიზეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ორგანოებში თანამდებობის დაკავებისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში მონაწილეობის სანაცვლოდ, საპრეზიდენტო იმუნიტეტს და ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას უუქმებდა. კანონის სამიზნეს, ცალსახად, ატამბაევი წარმოადგენდა, რადგან წინა 3 პრეზიდენტიდან 2 ქვეყანაში აღარ იმყოფება, ერთი კი არასამთავრობო სექტორში საქმიანობს და ხელისუფლებაში დაბრუნებას არ გეგმავს. შედეგად, ატამბაევმა პარტია დატოვა, თუმცა ხელისუფლების წინააღმდეგ აქციების გამართვას და კრიტიკას აგრძელებდა. ამის გამო მას იმუნიტეტი ჩამოართვეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე აღიძრა. ატამბაევი პროკურატურაში გამოცხადების ბრძანებას არ დაემორჩილა, რის პასუხადაც 2019 წლის აგვისტოში მის რეზიდენციაზე ქვეყნის უშიშროების ძალებმა შტურმი განახორციელეს. ექსპრეზიდენტის დაკავების ოპერაციისას დაიჭრა 30-ზე მეტი ადამიანი და დაიღუპა ერთი პოლიციელი. შედეგად მას ბრალი დაუმძიმდა.

ატამბაევის პარტიისგან განსხვავებით, პარლამენტში შესვლა შეძლო და მეორე ადგილი დაიკავა მატრაიმოვების ოჯახის მიერ დაფინანსებულმა პარტიამ - ჩემი სამშობლო ყირგიზეთი. ისკენდერის აზრით, აქციების ერთ-ერთი წინაპირობა ესეც გახდა:

"მატრაიმოვების სუპერ კორუმპირებულ კლანზე ჩვენ, ჩვენს გამოცემაში, რადიო თავისუფლებასთან ერთად, გავაკეთეთ გამოძიებების მთელი სერია. ვფიქრობ, ამანაც ითამაშა თავისი როლი. ხალხი იყო მთლიანობაში ძალიან კარგად ინფორმირებული. ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობის სამოქალაქო ნაწილმა, რომელიც თვალს ადევნებს ინფორმაციას, მშვენივრად იცოდა, რა პარტია იყო, რომელმაც დაიკავა მეორე ადგილი არჩევნებში და ვინ იდგა მათ უკან.

როცა შენთან ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც პირველ ადგილს იკავებს თავისი არსით პრეზიდენტის პარტია და მეორე ადგილს იკავებს თავისი არსით კრიმინალის პარტია, რა თქმა უნდა, ეს ყველას ძალიან აბრაზებს". - ამბობს ის.

ანტი-კორუფციული აქცია ბიშკეკში, 2019 წელი ფოტო: AFP

ისკენდერის აზრით, ბარიერი ზედმეტად მაღალია, რის გამოც პარლამენტში ვერ ხვდებიან ისეთი პარტიები, რომლებსაც სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა აქვთ:

"ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ზღვარი პარლამენტში შესასვლელად - 7%. იმის გამო, რომ ზღვარი ასეთი მაღალია, არჩევნების შედეგებით გამოდის, რომ პარლამენტში შედის ხელისუფლების, ჟეენბეკოვების პარტია, მატრაიმოვების კრიმინალური პარტია , კიდევ ერთი - ალკოჰოლიკი ოლიგარქების პარტია და ერთი შედარებით ოპოზიციური პარტია, რომელმაც სასწაულით გადალახა 7%-იანი ბარიერი. ყველა სხვა პარტიამ, მათ შორის პარტიებმა, რომლებსაც მხარს უჭერდა სამოქალაქო საზოგადოება, უბრალოდ ვერ გადალახეს ეს ზღვარი. უნდა ვთქვათ, რომ ოპოზიციური პარტიები იყო ძალიან ბევრი, მათ დაყვეს ხმები, თითოეულმა მიიღო 2-დან 4%-მდე. ერთიანი ფრონტით რომ წასულიყვნენ, შეიძლებოდა ისინიც შესულიყვნენ პარლამენტში. მეორე მხრივ, ეს არც ისე მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ეს ორი პარტია დომინირებდა და ჩაიდინეს დარღვევები. ეს გახდა პროტესტის მთავარი მიზეზი."

მისი აზრით, საპროტესტო აქციები, რომელიც ამგვარად დაიწყო, არაბუნებრივად განვითარდა და მალევე კონკრეტული ძალები საპროტესტო ტალღის ჩახშობას შეეცადნენ.

"ახლა ძალიან საინტერესოა გავიგოთ, რომელ მომენტში მოპარეს ხალხს რევოლუცია. ბევრი სხვადასხვა ჰიპოთეზა ჟღერდება. ერთერთია, რომ კრიმინალმა და ხელისუფლებამ დაინახა ეს ყველაფერი, ძალიან შეეშინდათ იმის, რაც ხდება და სასწრაფოდ დაიწყეს ხალხის ამ საპროტესტო სულის ჩაქრობაზე მუშაობა.

მათ ან მზაკვრული გეგმა მოიფიქრეს, ან შემთხვევით გამოუვიდათ ეს, მაგრამ პირველივე საღამოდან დაიწყო ძალიან უცნაური მოვლენები. ერთ-ერთი კითხვა, რომელზეც ძალიან გვინდა პასუხი ვიპოვოთ, არის დემონსტრანტების რა ნაწილმა გადაწყვიტა თეთრი სახლის გალავნის შეტეხვა. თავდაპირველად, პროტესტზე თეთრი სახლის აღების საკითხი საერთოდ არ იდგა. შემდეგ რაღაც ნაწილი მიდის გალავნის შესამტვრევად, ეს იწვევს პოლიციის პროვოცირებას და პოლიცია იწყებს მიტინგის დაშლას და შეტაკება მთავრდება იმით, რომ თეთრი სახლი აიღეს მომიტინგეებმა. შემდეგ იწყება ძალიან უცნაური და სწრაფი გათავისუფლება ყოფილი პოლიტიკოსების, და ერთერთი გათავისუფლებული პოლიტიკოსებიდან, სადირ ჯაფაროვი, უცებ წარმოგვიდგება, როგორც ახალი პრემიერმინისტრი. მან განახორციელა თავბრუდამხვევი კარიერული აღმასვლა ადამიანიდან, რომელიც ერთი კვირის წინ კოლონიაში იჯდა - პრემიერმინისტრამდე". - ამბობს ის.

ბეკტურ ისკენდერის აზრით, ახლა ქვეყანაში მოვლენების განვითარების მიმართულების მთავარი ინდიკატორი ხელახალი არჩევნების ჩატარება-არ ჩატარების საკითხი იქნება.

"თუ ცესკო დანიშნავს ხელახალ არჩევნებს, მაშინ ტყუილად არ გამოსულა ხალხი პროტესტზე და ჩვენ მივაღწიეთ მიზანს. თუ ახლა, რაიმე სახით, ცესკო აღადგენს არჩევნების შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ კრიმინალმა გაიმარჯვა". - ამბობს ის.

როგორია განვითარებულ მოვლენებში საგარეო აქტორების როლი?

აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთი ეკონომიკურად დიდწილად რუსეთზეა დამოკიდებული. ქვეყნის ბიუჯეტის თითქმის მესამედს რუსეთში სამუშაოდ წასულთა მიერ გადმორიცხული თანხა შეადგენს, რაც კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად შემცირდა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახა. თუმცა, ადგილობრივი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე აქციებში კორონავირუსის, ანდაც რუსეთის როლი დიდი არ არის. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ყირგიზეთის არჩევნებზე კომენტარის სახით მხოლოდ ის თქვა, რომ სტაბილურობის აღდგენას უჭერდნენ მხარს, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მოსკოვისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ძალა გაიმარჯვებს შიდა დაპირისპირებაში.

სოორონბაი ჟეენბეკოვი და ვლადიმირ პუტინი

"არც წინასაარჩევნო პერიოდში და არც არჩევნების შემდეგ აშკარად არ იკვეთება გარეშე აქტორების როლი. დიდწილად ეს ყველაფერი შიდა მოთამაშეების ურთიერთქმედება, საქმიანობა, ინტერესებია. მაგრამ, ამასთან ერთად, უნდა გვესმოდეს, რომ თუ საგარეო მოთამაშეები ერთვებიან და თუ ეს სცდება დიპლომატიური შენიშვნების, მოწოდებების დონეს, მაშინ, ხშირ შემთხვევაში, ის არც გამოჩნდება. ყირგიზეთში დიდია ფარული საგარეო ინტერესები. რუსეთს აქვს დიდი გავლენა და მაშინ, როდესაც ძალაუფლების საკითხი წყდება, სხვადასხვა ფორმით იქნება ჩართული". - ამბობს ემილ ჯურაევი.

სამომავლო პერსპექტივები

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს, ცენტრალურ აზიაში თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქსელის დამაარსებელს, დანიარ ამანალიევს მიაჩნია, რომ რეალური ცვლილებების მისაღწევად და მოჯადოებული წრის გასარღვევად საჭიროა, შეიცვალოს თავად საზოგადოების მიდგომა ხელისუფლების ცვლილების საკითხისადმი.

"სამწუხაროდ, ბევრს ეპარება ეჭვი 2005-2010 წლის რევოლუციებში. საუბრობენ იმაზე, რამდენად იყო ეს რევოლუცია, თუ უბრალოდ გადატრიალება, რადგან მათ შემდეგ ცხოვრება საფუძვლიანად არ შეცვლილა. ამ მოვლენებს, ისევე როგორც მიმდინარე აქციებს აქვთ საერთო ნიშანი. ხალხი გამოდის რაღაცის წინააღმდეგ. ბელარუსში ამბობენ - “სიცოცხლე ბელარუსს”, უკრაინაში -“დიდება უკრაინას”, ჩვენთან ამბობენ - “წადი”. 2005 და 2010 წლებშიც ეს იყო ძირითადი რიტორიკა და მოტივი. ხალხი გამოდიოდა არა რაღაცისთვის, მომავლისთვის, არამედ არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ სანამ არ დავისახავთ მიზანს, არ გავაცნობიერებთ, რისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს, ამ წრეზე ტრიალს გავაგრძელებთ". - ამბობს ის.

მას შემდეგ, რაც ტაბულა ემილ ჯურაევს, ბეკტურ ისკენდერსა და დანიარ ამანალიევს ესაუბრა, ყირგიზეთის პარლამენტის სპიკერად კანატბეკ ისაევი აირჩიეს, კიდევ ერთი ყოფილი პოლიტიკოსი, რომელიც კორუფციის ბრალდებით იყო გასამართლებული. მან თქვა, რომ სტაბილურობის შესანარჩუნებლად ჟეენბეკოვი პრეზიდენტის პოსტიდან არ უნდა გადადგეს. თავის მხრივ, ჟეენბეკოვმა სადირ ჯაფაროვი პრემიერმინისტრის პოსტზე არ დაამტკიცა და პარლამენტს ხელახალი კენჭისყრა სთხოვა. განმეორებითი არჩევნები, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ელის, ჯერ კიდევ არ არის დანიშნული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები