დავითგარეჯის საქმე

მეუფე ვახტანგი დავითგარეჯის საქმეზე: ის ხალხი ქვეყანას ემსახურებოდა, არ შეიძლება ასე გაწირვა

მთავარი არხი

"ის ხალხი ქვეყანას ემსახურებოდა და არ შეიძლება ასე გავწიროთ ვიღაცების გაუაზრებელი მითითებებით". – ცურტაველი მიტროპოლიტი, მეუფე ვახტანგი, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ეხმაურება. 

მისი თქმით, შესაძლოა, ამ საქმის უკან პოლიტიკური ინტერესი იდგეს, თუმცა როგორც ის ამბობს, ყველაფერი არჩევნების შემდეგ გაირკვევა. 

"შეიძლება იყოს კიდეც პოლიტიკური ინტერესი. გაირკვევა სულ მოკლე დროში. მე ვფიქრობ, რომ ის ხალხი სიმართლეს ემსახურებოდა, მე ესე მწამს, შეიძლება ვცდები, მაგრამ გაირკვევა. არც ადვოკატი ვარ, არც პროკურორი და როგორ გითხრათ მტყუან-მართალი. 

არჩევნები ყველაფერს გაარკვევს და გადაწყვიტავს. კმარა ასეთი ცხოვრება, ახალი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ერის საკეთილდღეოდ". – ამის შესახებ მან მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე საზეიმო წირვის დაწყებისას ილაპარაკა. 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილსა და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ხოლო ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს 20 000-ლარიანი გირაოთი.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

კომენტარები