კორნავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევიდან 297 თბილისში დადასტურდა, 189 - აჭარაში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარიან ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევიდან 297 თბილისში აღირიცხა, 189 - აჭარაში, 150 კი იმერეთში.  

"დანარჩენ რეგიონებში არის ერთეული შემთხვევები. შიდა ქართლში - 12, ქვემო ქართლში - 11, მცხეთა-მთიანეთში -9, გურიაში - 6, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 3, კახეთში 2 და სამცხე-ჯავახეთში - 1". – ამბობს ენდელაძე. 

ენდელაძის ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 62 ინფიცირებული მკურნალობს, 2 შესაძლო შემთხვევაა - ინფიცირებულის შვილები, რომელთაც ცხელება აქვთ. მისივე თქმით, 4 ადამიანი რეანიმაციის განყოფილებაში წევს, მათგან 2 მართვით სუნთქვაზეა. ექიმის ცნობით, კლინიკაში არიან პაციენტები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვით სუნთქვაზე არ არიან. 

"გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტებიც. ამჟამად სტაციონარში მსუბუქი სიმძიმის პაციენტები ნაკლებად გვყავს." - ამბობს ენდელაძე.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 109 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები