კიბერთავდასხმა

ნორვეგიის მთავრობა: აგვისტოში პარლამენტზე კიბერთავდასხმის უკან რუსეთი იდგა

ნორვეგიის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მიაჩნიათ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყნის პარლამენტის ელექტრონული ფოსტის სისტემაზე კიბერთავდასხმის უკან რუსეთი იდგა.

თავდასხმის შედეგად ჰაკერებმა ზოგიერთი პარლამენტარის წერილები მოიპოვეს.

"იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც გვაქვს, ჩვენი მოსაზრებაა, რომ ამ ქმედებაზე პასუხისმგებელი რუსეთია". – თქვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინე მარი ერიკსენ სორეიდემ.

მან ნორვეგიულ კომპანიებს მოუწოდა, გაითვალისწინონ კიბერუსაფრთხოების წესები.

"ეს ძალიან სერიოზული შემთხვევაა, რომელიც ჩვენს ყველაზე დემოკრატიულ ინსტიტუტს შეეხო". –თქვა მან.

ოსლოში რუსეთის საელჩომ ბრალდება უარყო და ნორვეგიის მთავრობის განცხადებას "სერიოზული პროვოკაცია" უწოდა.

"მათ არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი ბრალდებები მიუღებლად მიგვაჩნია. ჩვენი ამას სერიოზულ და განზრახ პროვოკაციად აღვიქვამთ, რომელიც ორმხრივი ურთიერთობებისათვის დამაზიანებელია". – ნათქვამია საელჩოს Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ნორვეგია რუსეთს პარლამენტის შიდა ქსელზე თავდასხმაში ადანაშაულებს. 2018 წელს ქვეყანაში დააკავეს რუსეთის ორი მოქალაქე. მათ ბრალად ედებოდათ პარლამენტის ქსელიდან ინფორმაციის უკანონო მოპოვება, თუმცა ისინი რამდენიმე კვირაში, საჭირო მტკიცებულებების ნაკლებობის გამო გაათავისუფლეს.

მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყნიდან გააძევეს რუსი დიპლომატი, რომელიც მოსკოვისათვის ჯაშუშობაში ბრალდებულ ნორვეგიის მოქალაქეს ხვდებოდა. საპასუხოდ რუსეთმა ნორვეგიის დესპანი გააძევა.

კომენტარები