კორონავირუსი ნიდერლანდებში

ნიდერლანდებში საკარანტინო შეზღუდვების ნაწილი ხელახლა გამოცხადდება

AFP

ოთხშაბათიდან, 10 ოქტომბრიდან, ნიდერლანდებში საკარანტინო შეზღუდვების ნაწილი ხელახლა გამოცხადდება. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რიუტემ ისაუბრა.

შეზღუდვების ფარგლებში დაიხურება რესტორნები და ბარები და აიკრძალება საჯარო სივრცეებში ოთხ ადამიანზე მეტის შეკრება. თუმცა, სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას გააგრძელებს. დახურულ სივრცეში ნიღბების ტარება 13 წელს ზევით ადამიანებისთვის სავალდებულო იქნება.

შეზღუდვები, სულ მცირე, ოთხი კვირის განმავლობაში იმოქმედებს. ორის კვირის შემდეგ მდგომარეობა შეფასდება. ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრის თანახმად, თუ ეს საკარანტინო ზომები არაეფექტური აღმოჩნდება, შესაძლებელია შეზღუდვების უფრო გამკაცრება.

17 მილიონიან ქვეყანაში ბოლო კვირებში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. სამშაბათს ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი, 7 400, აღირიცხა.

ხელისუფლება ერიდებოდა შეზღუდვების გამკაცრებას ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად, თუმცა, ჯანდაცვის სისტემის ექსპერტებისგან წნეხის შემდეგ ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის თავიდან აცილებისთვის საკარანტინო შეზღუდვების დაწესება გადაწყდა.

ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებშიც სავალდებულო შეზღუდვები დაწესდა, ნიდერლანდებში შეზღუდვებს უფრო მეტად რეკომენდაციის სახე ჰქონდა, მათ შორის ნიღბის ტარების მოთხოვნაც რეკომენდაციის დონეზე იყო გაცემული.

პრემიერმინისტრ რიუტეს თანახმად, თუ საჭირო გახდა ნიღბების ტარება სავალდებულო კანონმდებლობის დონეზე გახდება. პრემიერმინისტრმა მოსახლეობას მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

კომენტარები