ყირგიზეთი

ჟეენბეკოვმა ჯაფაროვის პრემიერმინისტრის პოსტზე დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა

სადირ ჯაფაროვი და სოორონბაი ჟეენბეკოვი

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა ხელი მოაწერა პრემიერმინისტრად სადირ ჯაფაროვის დანიშვნის ბრძანებას.

ჯაფაროვი პარლამენტმა პრემიერმინისტრის პოსტზე მეორედ აირჩია. მისი პირველად არჩევნის შემდეგ ჟეენბეკოვმა სადიროვის პოსტზე დამტკიცებაზე უარი თქვა და პარლამენტს მოუწოდა, კენჭისყრა ხელახლა ჩაეტარებინათ.

ჯაფაროვთან ერთად პარლამენტმა დაამტკიცა ვიცეპრემიერი და მინისტრებიც.

4 ოქტომბერს ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შედეგების გამოცხადებას მასშტაბური აქციები მოჰყვა, რადგან აღმოჩნდა, რომ 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16-დან მხოლოდ ოთხმა პარტიამ შეძლო. მანდატების ნახევარზე მეტი ორ პარტიას შორის გადანაწილდა. ერთ-ერთი მათგანი მოქმედი პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის პარტია ერთობაა, მეორე კი პარტია ჩემი სამშობლო ყირგიზეთი, რომლის უკანაც მატრაიმოვების ოჯახი დგას. ამან მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მალევე აქციების განვითარებამაც რადიკალური მიმართულება მიიღო, მომიტინგეებმა აიღეს სამთავრობო შენობები და პატიმრობიდან გაათავისუფლეს ყოფილი პოლიტიკოსები, მათ შორის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი.

აქციების ფონზე ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გააუქმა. შედეგად, ხელახალი არჩევნების ჩატარების დრო უახლოესი ერთი თვის განმავლობაში უნდა დასახელდეს.

პარალელურად, ჟეენბეკოვმა დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და თქვა, რომ მზად იყო თანამდებობა დაეტოვებინა, თუ დამტკიცდება გარდამავალი ხელისუფლება და დაინიშნება არჩევნები, თუმცა, ჯერჯერობით, პარტიებს შორის შეთანხმება არ მომხდარა.

შეიქმნა პოლიტიკური პარტიების რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც შეკრებებს სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის სასტუმროსა და კინოთეატრის შენობებში მართავენ. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე პრემიერმინისტრად ყოფილი პარლამენტარი და დემონსტრანტების მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებული, სადირ ჯაფაროვი აირჩიეს.

ყირგიზეთის პარლამენტის სპიკერად კი კანატბეკ ისაევი აირჩიეს, კიდევ ერთი ყოფილი პოლიტიკოსი, რომელიც კორუფციის ბრალდებით იყო გასამართლებული. მან თქვა, რომ სტაბილურობის შესანარჩუნებლად ჟეენბეკოვი პრეზიდენტის პოსტიდან არ უნდა გადადგეს. განმეორებითი არჩევნები, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ელის, ჯერ კიდევ არ არის დანიშნული.

ვრცლად ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებზე შეგიძლიათ, წაიკითხოთ სტატიაში - მესამე რევოლუცია თუ კლანური დაპირისპირება? - რა ხდება ყირგიზეთში

კომენტარები