NASA

8 ქვეყანამ მთვარის ათვისების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

ნილ არმსტრონგი მთვარეზე, 1969
NASA

რვა ქვეყანამ მთვარის ათვისების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხელშეკრულების ფარგლებში გაიწერა მთვარეზე ბუნებრივი რესურსების მოპოვების რეგლამენტი. ინფორმაცია ამის შესახებ NASA-მ გაავრცელა.

ხელშეკრულებას აშშ-ს მთვარის პროგრამის Artemis-ის გამო არტემისის შეთანხმება დაერქვა. პროექტი აშშ-მ წარადგინა და მას აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, კანადამ, ავსტრალიამ, იაპონიამ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ლუქსემბურგმა მოაწერეს ხელი. ხელშეკრულებისთვის ხელი არ მოუწერიათ ჩინეთსა და რუსეთს.

შეთანხმება ეფუძნება 1967 წელს მიღებულ ხელშეკრულებას კოსმოსური სივრცის შესახებ. 1967 წლის დოკუმენტი კრძალავს კოსმოსურ სხეულზე ან მის ნაწილზე სუვერენტიტეტის გამოცხადებას. NASA-ში აღნიშნავენ ამ ხელშეკრულების ფორმულირება იმდენად ბუნდოვანია, რომ ართულებს მის რეალურ გამოყენებას, სწორედ ამ მიზნით მოეწერა ხელი არტემისის შეთანხმებას.

ახალი შეთანხმებით გაწერილია მთვარეზე განამარხი რესურსების მოპოვების რეგლამენტი. NASA-ში მიიჩნევენ, რომ მართალია ქვეყნებს არ აქვთ უფლება მთვარეზე საკუთარი სუვერენიტეტი გამოაცხადონ, მაგრამ შეუძლიათ, მოიპოვონ რესურსები. შეთანხმება შესაძლებელს ხდის, დედამიწის თანამგზავრზე შეიქმნას ბაზები რესურსების მოსაპოვებლად, ხოლო ამ ბაზების გარშემო "უსაფრთხოების ზონები", რათა თავიდან იყოს აცილებული კონფლიქტი ქვეყნებს შორის.

"ჩვენ ვთლით, რომ ეს ისევეა როგორ მსოფლიო ოკეანის შემთხვევაში - თქვენ  შეგიძლიათ, მოიპოვოთ ოკეანური რესურსები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ფლობთ ოკეანეს. უნდა შეგეძლოთ, მოიპოვოთ რესურსები მთვარეზე: თქვენ ფლობთ რესურსებს, მაგრამ არ ფლობთ მთვარეს". – თქვა NASA-ს ხელმძღვანელმა ჯეიმს ბრაიდენსტაინმა.

NASA-ს თანახმად, უახლოეს მომავალში ხელშეკრულებას სხვა ქვეყნებიც მოაწერდნენ ხელს. 

ჯეიმს ბრაიდენსტაინმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს შეთანხმებას მომავალში რუსეთიც შეუერთდებოდა ან შეთანხმებაში გაწერილი პრინციპებით იხელმძღვანელებდა. თუმცა, როსკოსმოსის ხელმძღვანელი დმიტრი როგოზინმა შეთანხმება გააკრიტიკა. მან მთვარეზე რესურსების მოპოვებას მთვარის "პრივატიზაცია" უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთი ამას არ დაუშვებდა. როგოზინმა ასევე თქვა, რუსეთი "მონაწილეობას არ მიიღებს მთვარის რბოლაში".

შეთანხმება თავის მხრივ მოიცავს პრინციპებს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ხელმომწერმა სახელმწიფომ, ის არ ითვალისწინებს რაიმე სახის სანქციებს, მისი დარღვევის შემთხვევაში.

შეთანხმების მიღწევის პარალელურად აშშ-ში მზადდება მთვარის პროგრამა Artemis-ი, რომელიც 2021 წლის ბოლოს დაიწყება. პროგრამის ფარგლებში NASA გეგმავს 2024 წლისთვის მთვარეზე ასტრონავტები გადასხას.

კომენტარები