კორონავირუსი საფრანგეთში

COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების ფარგლებში პარიზში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ემანუელ მაკრონი
France24

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო გამოსვლაში პარიზსა და კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში კომენდანტის საათის შემოღების შესახებ ისაუბრა. შეზღუდვების მიზანი COVID-19-ის გავრცელების შეფერხებაა.

კომენდანტის საათი ძალაში შაბათს, 17 ოქტომბერს, შევა და ყოველდღიურად საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გაგრძელდება. კომენდანტის საათი ძალაში დარჩება 4 კვირის განმავლობაში. კომენდანტის საათის დარღვევისთვის მოქალაქეები 135 ევროთი დაჯარიმდებიან. გადაუდებელ შემთხვევებში ქალაქში გადაადგილება ნებადართული იქნება.

შეზღუდვები არ დაწესებულა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ქვეყნის მოსახლეობას რეგიონებს შორის თავისუფლად გადაადგილების საშუალებაც აქვს. 

პარიზი, კიდევ 7 ქალაქი და გვადელუპას კუნძული უკვე იყო გამკაცრებული შეზღუდვების ქვეშ. დაიხურა ბარები, აიკრძალა ხალხმრავალი შეკრებები.

14 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საფრანგეთის მასშტაბით 1 539 ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა. საფრანგეთს ინტენსიური თერაპიით 5 000 ადამიანის უზრუნველყოფა შეუძლია. ბოლო კვირის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის 180 დადებითი შემთხვევა გამოვლინდა.

საფრანგეთში ამ დროისთვის მთლიანობაში კორონავირუსის 798 063 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 33 037 ადამიანი.

კომენტარები