დავითგარეჯის საქმე

მეუფე ვახტანგი: ასეთი არადროული მიმართვებით შეიძლება, აზერბაიჯანთან დავძაბოთ ურთიერთობა

0 კომენტარი

ცურტაველი მიტროპოლიტი, მეუფე ვახტანგი, დავითგარეჯის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველომ არადროული და არასაჭირო მიმართვებით, შესაძლოა, აზერბაიჯანთან ურთიერთობა დაძაბოს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია მთავარის ეთერში ისაუბრა. 

მეუფე ვახტანგის თქმით, საჭიროა, ჯერ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული დაძაბულობა დასრულდეს, დავითგარეჯის თემის განხილვა კი ამის შემდეგ მოხდეს. 

"მოგეხსენებათ, დღეს აზერბაიჯანი და სომხეთი, სამწუხაროდ, ომს აწარმოებენ და დღეს ჩვენ საზღვრის საკითხებთან დაკავშირებით, რაც ეხება ჩვენს უდიდეს ისტორიულ მემკვიდრეობას - დავითგარეჯს, ვეუბნებით, რომ დემერკაციის საკითხები უნდა დადგინდეს, კომისია უნდა შედგეს... ახლა ამის დრო არ არის.

ომს აწარმოებს ქვეყანა და შეიძლება, ასეთი არასწორი და არადროული მიმართვით დავძაბოთ ჩვენს შორის ურთიერთობა და მერე ჯანსაღი ურთიერთობის აღდგენას სჭირდება დიდი დრო, ურთიერთნდობის საკითხები ცალკე საკითხია. ამას მოჰყვება გაუცხოება. დამთავრდეს ეს ომი, ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხებს და მერე მშვიდობის დროს შეიქმნას სახელმწიფო კომისია და ის იმსჯელებს". – ამბობს მეუფე ვახტანგი. 

მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საერთო კონსესუსი გამოინახება.

"ჩვენ უნდა შევძლოთ და მოვაგვაროთ და არ უნდა გავაცინოთ სხვა ქვეყნები, რომლებიც ჩვენი არაკეთილმოსურნეები არიან". – ამბობს მეუფე. 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილსა და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ხოლო ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს 20 000-ლარიანი გირაოთი.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები