დავითგარეჯის საქმე

მარიკაშვილი: გამოძიება შეეცდება გამოასწოროს ხიდაშელის განცხადებებში დაშვებული შეცდომები

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative

დავითგარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის უფლებადამცველის, ედუარდ მარიკაშვილის თქმით, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება და საჯაროდ გაკეთებული განცხადება ერთმანეთს ეწინააღმდეგება და გამოძიება ხელახალი გამოკითხვის დროს შეეცდება, გამოასწოროს მის მიერ საჯარო განცხადებებში დაშვებული შეცდომები. მისივე თქმით, პროკურატურამ ან ხიდაშელის ჩვენებიდან კონკრეტული დეტალების გამოკითხვის ოქმში ასახვას აარიდა თავი, ან ხიდაშელმა მისცა გამოძიებას არასწორი ჩვენება

"ეს შეიძლება ცრუ ჩვენების ტოლფასიც იყოს. მე ვფიქრობ, რომ, როცა ხელახლა გამოკითხავენ, გამოძიება შეეცდება, გაასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც ბატონმა ხიდაშელმა თავის საჯარო განცხადებებში დაუშვა.

ვფიქრობ, ეს ემსახურება არა ახალი დეტალების გაცნობას პროკურატურის მხრიდან, არამედ იმ ინფორმაციის გამოსწორებას, რომელიც, მე ვფიქრობ, მათ ისედაც ჰქონდათ გამოძიების ფარგლებში. თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო შეიძლება საზოგადოებისთვის ეს უფრო ცხადი იყოს, თუმცა მე დადასტურებით ამას ვერ ვიტყვი, მათ ან თავი აარიდეს ამ ინფორმაციის გამოკითხვის ოქმში ასახვას, ან ბატონმა ხიდაშელმა არ მისცა სწორი ჩვენება გამოძიებას". – ამბობს მარიკაშვილი.

ედუარდ მარიკაშვილის თქმით, ხიდაშელმა გამოძიებას უთხრა, რომ ბეჟან მაისურაძემ დაავალა 1937-38 წლების კარტოგრაფიული რუკის მოძიება, ინტერვიუში კი ბიზნესმენი ამბობს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით გააკეთა. 

ტაბულამ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ჩვენება მოიპოვა, რომელიც მან პროკურატურას 25 აგვისტოს მისცა – ჩვენების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილსა და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ხოლო ნატალია ილიჩოვას ადვოკატი კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს 20 000-ლარიანი გირაოთი.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები