უმაღლესი სასწავლებლები

ზედანია: სანამ ეპიდემია დედაქალაქში აღმავალია, ჯობს სწავლა ონლაინ გაგრძელდეს

ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია, საკუთარ Facebook გვერდზე წერს, რომ, სანამ ახალი კორონავირუსის შემთხვევები თბილისში მზარდია, ჯობს, უნივერსიტეტებში სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდეს.

"შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ძალიან საშიში მგონია უნივერსიტეტებში ფიზიკური დასწრებით სწავლების აღდგენა 19 ოქტომბერს.

რომელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასაც არ ველაპარაკე, ყველას შიში აქვს, რომ ამას შეიძლება ვირუსის კიდევ უფრო დიდი აფეთქება მოჰყვეს. პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ნაწილს - ასევე. ეს გასაგებიცაა - უნივერსიტეტების უმეტესობა თბილისშია თავმოყრილი და მათ აუდიტორიებში მთელი საქართველოდან ჩამოსული სტუდენტების კონცენტრაციაა. როგორც არ უნდა ვცადოთ ფიზიკური დისტანციის დაცვა, ვერ იქნება საკმარისად ეფექტიანი პრევენციული ზომა.

საქმე მხოლოდ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას ხომ არ ეხება, მხოლოდ ინდივიდუალური თავგანწირვის გამოჩენა რომ იყოს საკმარისი - ფსონზეა ჩვენი ახლობლებისა და თუნდაც უცნობი ადამიანების ჯანმრთელობა, რომელთათვისაც საფრთხე შეიძლება გახდეს ნებისმიერ ჩვენგანი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ექსპერტიზას ვერ დავიჩემებ, მაგრამ მგონია, რომ სანამ ეპიდემია დედაქალაქში ასე ინტენსიური და აღმავალია, ჯობს უნივერსიტეტებში სწავლება ონლაინ გაგრძელდეს. მითუმეტეს, რომ ბევრ ქვეყანაში დღეს ასეც ხდება, რადგან, ზოგადად, უნივერსიტეტები ვირუსის აფეთქების ეპიცენტრებად ბევრგან იქცა". - წერს ზედანია.

დღეისთვის არსებული ინფორმაციით, სტუდენტები, აჭარის გარდა, აუდიტორიულ სწავლებას 19 ოქტომბრიდან უნდა. ამის შესახებ განცხადება გააკეთა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა 28 სექტემბერს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 4 ადამიანი. შემთხვევებიდან 366 თბილისში დადასტურდა, ხოლო აჭარაში - 286.

კომენტარები