დავითგარეჯის საქმე

გახარია: სააკაშვილისთვის მასზე სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება სიახლე არ იქნება

დაიწყება თუ არა დავითგარეჯის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი გამოძიება? – ამის შესახებ კითხვა დაუსვეს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 

ჟურნალისტმა პრემიერმინისტრს დავითგარეჯის საქმის შესახებ ყოფილი მაღალჩინოსნის, ზურაბ ნოღაიდელის ინტერვიუ შეახსენა, სადაც ის პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებს და ჰკითხა, ხომ არ ნიშნავს ნოღაიდელის ეს განცხადება იმას, რომ პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოძიებას დაიწყებს. 

"მე არ მინახავს, რა თქვა ბატონმა ნოღაიდელმა. ეს არის სრულად გამოძიების პრეროგატივა. გამოძიება სად მივა... ქვეყანაში ინდულგენცია არ აქვს არავის. მითუმეტეს, ბატონი სააკაშვილისთვის მის მიმართ სისხლის სამართლის გამოძიება არ იქნება რაღაც სიახლე, ერთი და ორი არ დაწყებულა, ხო? ამიტომ, ეს არის სრულად გამოძიების კომპეტენეცია და ვერანაირი შეზღუდვები ამ გამოძიებას ვერ იქნება". – თქვა გიორგი გახარიამ. 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილსა და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომბერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ხოლო ნატალია ილიჩოვას ადვოკატი კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს 20 000-ლარიანი გირაოთი.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

კომენტარები