კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან 431 პაციენტი უსიმპტომოა

armradio.am

დღეს, 15 ოქტომბერს საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან 431 უსიმპტომო იყო. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, ახალი შემთხვევებიდან 53%-ა სიმპტომიანი.

"მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე მეტი 919-ში არის სიმპტომებიანი პაციენტი. ამას მინდა, ხაზი გავუსვა - ანუ, 53%, 488 გახლავთ სიმპტომებიანი. ეპიდემიის განვითარების დღევანდელ ეტაპზე, ანუ მეორე ტალღის პირობებში, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ადრეულ ეტაპზე სწორედ ეს სიმპტომებიანი პაციენტები გამოვავლინოთ და მასთან ახლო კონტაქტში მყოფი, ანუ ოჯახური კონტაქტები და სამსახურებრივი კონტაქტები.  

დღეს გვყავს 488 სიმპტომიანი და 236 მათთან კონტაქტირებული ინფიცირებული." - ამბობს გამყრელიძე. 

საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა რეკორდული მაჩვენებელია. ბოლო 24 საათში კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა, 208 კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 113 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები