დავითგარეჯის საქმე

სააპელაციომ საჩივარი არ დაუშვა, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში რჩებიან

სააპელაციო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების საქმეზე სააპელაციო საჩივარი არ დაუშვა. შესაბამისად, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში რჩებიან. უთხრა ამის შესახებ დაკავებულების ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა ტაბულას.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლებში გამოცემულ ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

აღსანიშნავია, რომ საქმის მასალების მიხედვით, 1:200 000 მასშტაბის რუკის საკითხი 2014 წელს სამთავრობო დონეზე, მაშინდელ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც განიხილეს. გარდა ამისა, ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, კარტოგრაფიული მასალა, რომლის დამალვასაც პროკურატურა დაკავებულს ედავება, მას 2019 წლის მაისიდან აღარ ჰქონია. სწორედ წელიწად-ნახევრის წინ დატოვა ილიჩოვამ კომისიის წევრის თანამდებობა. მისივე ცნობით, ილიჩოვამ პროკურატურას 4 სექტემბერს თავადვე უთხრა, რუკა სადაც ინახებოდა.

საყურადღებოა, რომ პროკურატურა, ხელისუფლების წევრები და საპატრიარქოს ზოგიერთი წარმომადგენელი ყურადღებას დავითგარეჯაზე ამახვილებს და აცხადებს, რომ საქმე სწორედ სამონასტრო კომპლექსის სავადო მონაკვეთებს ეხება, თუმცა, ივერი მელაშვილის უფლებადამცველის განმარტებით, დაკავებულებს ბრალი არ ედებათ დავითგარეჯასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გიორგი მშვენიერაძის თქმით, დავითგარეჯის მონაკვეთი არც ექსპერტთა ჯგუფის მიერ არის შეთანხმებული და არც სახელმწიფო კომისიისა და, შესაბამისად, ბრალდებაში დავითგარეჯა ნახსენები არ არის.

კომენტარები