ტურიზმი და კორონავირუსი

ოქტომბრის ბოლომდე თბილისიდან ათენის და რომის მიმართულებით თითო ცალმხრივი ფრენა შესრულდება

0 კომენტარი

ოქტომბრის ბოლომდე თბილისიდან ათენის და რომის მიმართულებით თითო ცალმხრივი ფრენა შესრულდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განრიგი ცოტა ხნის წინ განაახლა. ჩარტერულ რეისებს Myway Airlines შეასრულებს. მგზავრებს რომსა და ათენში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენა შეეძლებათ თუმცა, საბერძნეთის და იტალიის დედაქალაქებიდან თვითმფრინავი თბილისში ცარიელი ჩამოვა.

რომის მიმართულებით ფრენა 25 ოქტომბერს, შესრულდება, ხოლო ათენის - 23 ოქტომბერს.

საქართველოში რეგულარული ფრენები ამჯერად 1-ელ ნოემბრამდეა გადავადებული, გამონაკლისი მხოლოდ მიუნხენის, პარიზის და რიგის მიმართულებებია. გერმანიამ 7 ოქტომბრიდან საქართველო რისკზონად გამოაცხადა და საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეუშვებს. ლატვიამ და ლიტვამ საქართველოს მოქალაქეებს თვითიზოლაციის ვალდებულება დაუწესეს. რაც შეეხება საფრანგეთს, მას საზღვრები გახსნილი აქვს, თუმცა, პარიზსა და რვა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მოქმედებს.

საქართველოს მთავრობა ნოემბრიდან რეგულარული ფრენების მიმართულებების და სიხშირის დამატებას აანონსებს და ირწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით მიიღეს.

15 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მაშინ, როცა მთავრობა "მწვანე" ქვეყნებს საზღვარს არ უხსნიდა და მხოლოდ სამი ქვეყნის მიმართულებით ჰქონდა რეგულარული ფრენები დანიშნული, საქართველოში დღიურად რამდენიმე ერთეული შემთხვევა ვლინდებოდა. მაშინ ეპიდემიოლოგები საზღვრების გახსნას და საქართველოს მოქალაქეების კარანტინისგან გათავისუფლებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები