ყირგიზეთი

ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობას პრემიერმინისტრი სადირ ჯაფაროვი შეასრულებს

0 კომენტარი
სადირ ჯაფაროვი ფოტო: TASS

ყირგიზეთში პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ მისი უფლება-მოვალეობები პრემიერმინისტრმა, სადირ ჯაფაროვმა შეითავსა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პარლამენტის სპიკერი უნდა გამხდარიყო, თუმცა მან უარი თქვა.

დედაქალაქ ბიშკეკში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა დასრულდა.

ჯაფაროვი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც აქციების დაწყების შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს. ის სასჯელს გატაცებაში მონაწილეობისათვის იხდიდა. მის წინააღმდეგ არსებობს ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან კავშირის ბრალდებაც, რასაც ჯაფაროვი უარყოფს. ის ამბობს, რომ 2017 წელს პოლიტიკური მოტივებით დააპატიმრეს.

4 ოქტომბერს ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შედეგების გამოცხადებას მასშტაბური აქციები მოჰყვა, რადგან აღმოჩნდა, რომ 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16-დან მხოლოდ ოთხმა პარტიამ შეძლო. მანდატების ნახევარზე მეტი ორ პარტიას შორის გადანაწილდა. ერთ-ერთი მათგანი მოქმედი პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის პარტია ერთობაა, მეორე კი პარტია ჩემი სამშობლო ყირგიზეთი, რომლის უკანაც მატრაიმოვების ოჯახი დგას. ამან მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მალევე აქციების განვითარებამაც რადიკალური მიმართულება მიიღო, მომიტინგეებმა აიღეს სამთავრობო შენობები და პატიმრობიდან გაათავისუფლეს ყოფილი პოლიტიკოსები, მათ შორის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი.

აქციების ფონზე ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გააუქმა. შედეგად, ხელახალი არჩევნების ჩატარების დრო უახლოესი ერთი თვის განმავლობაში უნდა დასახელდეს.

ჟეენბეკოვმა დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და თქვა, რომ მზად არის, თანამდებობა დატოვოს, თუ დამტკიცდება გარდამავალი ხელისუფლება და დაინიშნება არჩევნები.

ქვეყნის პრემიერმინისტრად აირჩიეს ყოფილი პარლამენტარი და დემონსტრანტების მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებული სადირ ჯაფაროვი. თავდაპირველად ჟეენბეკოვმა ჯაფაროვი პოსტზე არ დაამტკიცა და პარლამენტს სთხოვა, ხელახალი კენჭისყრა ჩაეტარებინათ. მას შემდეგ, რაც ჯაფაროვი პარლამენტმა მეორედ აირჩია, ჟეენბეკოვმა მისი დამტკიცების ბრძანებას ხელი მოაწერა.

15 ოქტომბერს ჟეენბეკოვმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.

განმეორებითი არჩევნები, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ელის, ჯერ კიდევ არ არის დანიშნული.

ვრცლად ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებზე შეგიძლიათ, წაიკითხოთ სტატიაში - მესამე რევოლუცია თუ კლანური დაპირისპირება? - რა ხდება ყირგიზეთში

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები