ტაილანდი

შეზღუდვების მიუხედავად ტაილანდში ათიათასობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა

0 კომენტარი
ფოტო: EPA

ტაილანდში სამი თვეა საპროტესტო აქციები გრძელდება. ქვეყნის ხელისუფლებამ ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს, ხუთზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა. საპასუხოდ ბანგკოკის ცენტრში სამ თვის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური მშვიდობიანი პროდემოკრატიული საპროტესტო აქცია გაიმართა. კომენდანტის საათის მიუხედავად, რომელიც 18:00-ზე იწყება, აქცია გვიანობამდე გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა პირობა დადეს, რომ მეორე დღეს კვლავ შეიკრიბებოდნენ.

დემონსტრანტები ტაილანდის პრემიერმინისტრის პრაიუთ ჩან-ოჩას გადადგომას და მეფე მაჰა ვაჩირალონგკორნის ძალაუფლების შემცირებას მოითხოვენ. პრემიერმინისტრი პრაიუთ ჩან-ოჩა ხელისულებაში 2014 წელს სამხედრო გადატრიალების შემდეგ მოვიდა.

პოლიციის ცნობით, ისინი დააპატიმრებენ ყველა დემონსტრანტს, თუმცა არ განუმარტავთ, როგორ წარუდგენენ ბრალდებებს ათიათასობით ადამიანს.

სამეფო სასახლეს დემონსტრანტებსა და მათ მოთხოვნებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ამ დრომდე ხელისუფლება აქციების ჩატარებას დიდად ხელს არ უშლიდა, თუმცა მდგომარეობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც დემონსტრანტებმა ქვეყანაში დაბრუნებული დედოფალი სუთჰიდას კორტეჟს აქცია მოუწყვეს. მეფე და დედოფალი დროის უმეტეს ნაწილს ევროპაში ატარებენ. ამჯერად ისინი რამდენიმე კვირით გერმანიიდან დაბრუნდნენ. აქციის შემდეგ პოლიციამ ოცამდე დემონსტრანტი დააპატიმრება, დაპატიმრებულებს შორის იყო პროტესტის სამი ლიდერიც. ტაილანდში სამეფო ოჯახის კრიტიკა და შეურაცხყოფა მკაცრად ისჯება კანონის დონეზე.

ბოლო სამი თვის განმავლობაში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეთა უმეტესობა ახალგაზრდა ტაილანდელია. აქციებში ყველაზე აქტიურად სტუდენტები მონაწილეობენ. პროტესტს სკოლის მოსწავლეებიც გამოხატავენ.

საპროტესტო გამოსვლები ტაილანდში დაიწყო მიმდინარე წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც პოპულარული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მომავალი წინ იძულებული გახდა დაშლილიყო. 2019 წლის მარტში ტაილანდში 2014 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ პირველი არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შედეგად პრემიერმინისტრის პოსტი  პრაიუთ ჩან-ოჩამ შეინარჩუნა, თუმცა პარტია მომავალი წინ მესამე ადგილზე გავიდა და პარლამენტში შევიდა.

თუმცა 2020 წლის თებერვალში, სასამართლოს თანახმად, პარტიამ პარტიის ლიდერის, თანათორნ ჯანგურნგრუანკიტისგან აიღო სესხი, რომელიც შეფასდა შემოწირულობად, რაც კანონით აკრძალულია. პარტია იძულებული გახდა, დაშლილიყო, რასაც მოჰყვა საპროტესტო ტალღა .

პროტესტი COVID-19-თან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა შეაფერხა. თუმცა საპროტესტო აქციები ივნისში განახლდა, მას შემდეგ, რაც პროდემოკრატიული აქტივისტი გაუჩინარდა.

ვანჩალეარმ სატსაკსიტი, რომელიც 2014 წლის შემდეგ კამბოჯაში გადასახლებაში ცხოვრობს, ქუჩიდან გაიტაცეს. დემონსტრანტები შემთხვევაში ტაილანდის ხელისუფლებას ადანაშაულებენ. მთავრობა ბრალდებას უარყოფს.

ბოლო თვეების განმავლობაში ხალხი აქტიურად ეწინააღმდეგება მეფის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან სამეფო გვირიგვინის ქონება თავის პირად ქონებად გამოაცხადა, რის შემდეგაც მეფე ტაილანდის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. ამ დრომდე სახელმწიფოს ანგარიშზე იყო და მას მოსახლეობის სასარგებლოდ იყენებდნენ.

მსჯელობის საგანი გახდა მეფის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მას ბანგკოკში დაფუძნებული სამხედრო ძალების განკარგვის უფლება მიეცა. მეფის ხელში სამხედრო ძალის მობილიზება თანამედროვე ტაილანდისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები