კორონავირუსი საქართველოში

ლევან ვარშალომიძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

ნაციონალური მოძრაობიდან ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ვარშალომიძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას პარტიაში დაუდასტურეს. 

გუშინ, 15 ოქტომბერს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავართან ინტერვიუში თქვა, რომ ვარშალომიძის მამა ბათუმის კლინიკაში ინსულტით შეიყვანეს და კორონავირუსი ექიმისგან გადაედო. 

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 342 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 3 ადამიანი. ამ დროისთვის, ჯამში, აჭარაში 2 600-მდე ინფიცირებულია. 

გუშინ, 15 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ აჭარაში ეპიდემიური მდგომარეობა "მეტნაკლებად დასტაბილურდა", რის გამოც უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 19 ოქტომბრიდან მუნიციპალიტეტში აღდგეს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. თუმცა, დარჩა სხვა შეზღუდვები.

ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 613 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. აჭარაში, თბილისსა და იმერეთში კი რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

 

კომენტარები