არჩევნები 2020

კობერიძე: პარლამენტმა არჩევნების გადადების საკითხზე უნდა იმსჯელოს

ლელო

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი და პარტია ლელოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან კობერიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და არჩილ თალაკვაძესა და დიმიტრი ხუნდაძეს მიმართავს. 

კობერიძის თქმით, აუცილებელია, საჯარო ფორმატში განიხილონ, პანდემიის პირობებში შეუქმნის თუ არა მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს არჩევნების ჩატარება.

"მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს, მოიწვიონ პარლამენტის რიგგარეშე, სპეციალური სხდომა, ინფექციონისტებისა და დარგის სხვა სპეციალისტების ჩართულობით.
 
აუცილებელია, გაფართოებულ და საჯარო ფორმატში გაიხსნას რეალური მსჯელობა საკითხზე – რამდენად მძიმეა COVID-ვითარებასთან დაკავშირებული პროგნოზი და მოლოდინები, არსებული მდგომარეობა უქმნის თუ არა საფრთხეს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას არჩევნების ჩატარების შემთხვევაში.
 
ჩვენ, საზოგადოებასთან ერთად, ღია და არა დახურულ, ერთპარტიულ ფორმატში, როგორც დღეს ამას პრემიერმინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აკეთებს, უნდა ვიმსჯელოთ, პანდემიის მძიმე შედეგებიდან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადადების საკითხზე. მივმართავ როგორც კოლეგებს, ისე ოპონენტებს – ამოვიდეთ არა საკუთარი, ვიწროპარტიული პოლიტიკური ინტერესებიდან, თუ ვის როდის გვაძლევს ხელს არჩევნების ჩატარება, არამედ მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებიდან და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზარალებს ჩვენს მოქალაქეებს". – ამბობს კობერიძე.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 342 აჭარაში გამოვლინდა, 277 თბილისში და 198 – იმერეთში. ერთ დღეში გარდაიცვალა 11 პაციენტი. აქედან 5 თბილისში, 3 ბათუმში, 2 იმერეთში და 1 – გორში.

16 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 613 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები