ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ავრცელებს. მისი თქმით, ბიბლიოთეკაში ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციებს იცავდნენ და, სავარაუდოდ, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფთა ჯგუფი ფართო არ არის. 

"ეროვნული ბიბლიოთეკა, ჯანდაცვის უწყებებთან და მსოფლიოს საუკეთესო ბიბლიოთეკებთან კოორდინაციით მუშაობდა ვიწრო კლასტერული პრინციპით, წესების ზედმიწევნით დაცვით და ინფიცირებულის კონტაქტჯგუფი, სავარაუდოდ, ფართო არ არის – მით უფრო, რომ პიროვნება რამდენიმე დღეა, რაც თვითიზოლაციაში იმყოფება.

შესაბამისად, ეროვნული ბიბლიოთეკა ჯერჯერობით დაწესებული, ძალიან შეზღუდული სამუშაო განრიგით აგრძელებს მუშაობას. ჩვენს ძვირფას თანამშრომელს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ". – წერს გიორგი კეკელიძე საკუთარ Facebook გვერდზე.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 342 აჭარაში გამოვლინდა, 277 თბილისში და 198 – იმერეთში. ერთ დღეში გარდაიცვალა 11 პაციენტი. აქედან 5 თბილისში, 3 ბათუმში, 2 იმერეთში და 1 – გორში.

16 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 613 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები