წმინა საყდრის სადესპანო

წმინდა საყდრის დესპანი სამხატვრო აკადემიას ეწვია

0 კომენტარი

წმიდა საყდრის დესპანი, მისი აღმატებულება ჟოზე ა. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ესტუმრა, რომლის მთავარი კორპუსიც რესტავრირების ბოლო სტადიაზეა. დესპანი ესაუბრა აკადემიის რექტორს, მაესტრო გიორგი გუგუშვილს, მსოფლიოში სახელგანთქმულ ხელოვანს, რომლის ნამუშევრებიც გამოფენილია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (თბილისი), აჭარის ხელოვნების მუზეუმში (ბათუმი), აღმოსავლურ მუზეუმში (მოსკოვი), ხრისტოფერ მერიან შტიფტუნგში (ბაზელი), ნორტონ დოჯ ქოლექშენში (ფილადელფია) და სხვა დაწესებულებებში.

"კათოლიკური ეკლესია ხელოვნების მეტად მნიშვნელოვანი და საქვეყნოდ აღიარებული მფარველია. საკმარისია, გავიხსენოთ მიქელანჯელოს, რაფაელისა და ბრამანტეს ქმნილებები, ვატიკანის მუზეუმებში დაცული ნამუშევრები, ან კათოლიკურ სამყაროში არსებული შედევრები. ზოგიერთის თქმით, "ხელოვნება სულს აღამაღლებს", მოგვიწოდებს "ვითარების სიმაღლეზე დადგომას" თუ "საკითხში ჩაღრმავებას".   

ეს პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი ქართველ ხელოვანთა ჭეშმარიტი სამჭედლოა. აქ წლების მანძილზე ფუნქციონირებს სახვითი ხელოვნების (ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, ხატვა), არქიტექტურის, დიზაინის (კერამიკა, ტექსტილი, მოდა, ხისა და მეტალის მხატვრული დამუშავება, მრეწველობა) ფაკულტეტები და სხვა მიმართულებები. ამ კედლებში აღიზარდა მთელი ქვეყნისა თუ მსოფლიოს მასშტაბით სახელგანთქმული არაერთი ხელოვანი". – ნათქვამია წმინდა საყდრის სადესპანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

რექტორმა გუგუშვილმა წმიდა საყდრის დესპანს ახლად რესტავრირებულ შენობაში უმასპინძლა და სტუმარს ის სივრცეებიც დაათვალიერებინა, რომელიც ჯერ კიდევ გარემონტების სტადიაშია. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია სათავეს იღებს 1850-იანი წლებიდან. ამ  ხნის მანძილზე მან არაერთი ორგანიზაციული ცვლილება განიცადა. იგი ისტორიულ შენობაშია განთავსებული. შენობის უამრავ ოთახს შორის განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა ყაჯარული ხელოვნების სტილში გადაწყვეტილი სარკეებიანი დარბაზი, რომელიც მდიდრულად შემკულ აღმოსავლულ სასახლეებს მოგვაგონებს.      

"წმიდა საყდრის დესპანი ქართული ხელოვნების გულშემატკივარია და გვერდში უდგას ქართველ ხელოვანებს. ზემოაღნიშნული შეხვედრისას განხილულ იქნა ხელოვნების განვითარებისა და თანამედროვე ცხოვრების ასახვის ტენდენციები. ხელოვნება ხომ მუდამ იყო პოლიტიკური თუ სოციალური დაკვირვებებისა და მისწრაფებების გამოხატვის საშუალება. შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნება ცხოვრების "პულსი" და, გარკვეული გაგებით, ისტორიული მეხსიერებაცაა. მაესტრო გუგუშვილი დიდად ამაყობს თავისი სტუდენტებით, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს წარმოადგენენ. თანამედროვე ნიჭიერი ქართველი ხელოვანები ასევე ამაყობენ ქართული მხატვრული მემკვიდრეობით და ცდილობენ, იყონ იმ ქვეყნის ნაწილი, რომელიც მომავალშიც მნიშვნელოვან კვალს დატოვებს მსოფლიო ხელოვნების სცენაზე". – წერია განცხადებაში.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები