დავითგარეჯის საქმე

მეუფე გიორგი: შესაძლოა, ხელისუფლება გარეჯს ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდეს

0 კომენტარი
ფოტო: მარნეულის მუნიციპალიტეტი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი დავითგარეჯის საქმის შესახებ ლაპარაკობს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება, შესაძლოა, მას ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდეს. მეუფე ასევე ამბობს, რომ საქმეზე გამოძიების წარმართვა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაპატიმრების გარეშეც იყო შესაძლებელი. 

"საარჩევნოდ გარეჯის საკითხის წამოწევა, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც რეგიონში ასეთი ვითარებაა, შესაძლოა, ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდეს. არასახელმწიფოებრივი მიდგომა რომ ჰქონდათ წინა ხელისუფლებასაც და თუნდაც, დღევანდელ ხელისუფლებასაც ამ რვა წლის განმავლობაში გარეჯთან მიმართებით, ეს ცალსახაა.

რაც შეეხება გამოძიებას, ჩემი აზრი არის, რომ ალბათ, ამ პიროვნებების პატიმრობის გარეშეც შეიძლებოდა გამოძიების წარმართვა, ასე რომ არ გამძაფრებულიყო ეს საკითხი. არა მგონია, ისინი მიმალვაში გადასულიყვნენ.

შესაძლოა, დღევანდელი ხელისუფლება ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდეს დავითგარეჯის საკითხს". – ამბობს მეუფე გიორგი.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომბერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ხოლო ნატალია ილიჩოვას ადვოკატი კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს 20 000-ლარიანი გირაოთი.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები