ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების 93 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 93 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტირება 285 ადამიანს ჩაუტარდა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 672 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 1175 ადამიანი, 27 კი გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 342 აჭარაში გამოვლინდა, 277 თბილისში და 198 – იმერეთში. ერთ დღეში გარდაიცვალა 11 პაციენტი. აქედან 5 თბილისში, 3 ბათუმში, 2 იმერეთში და 1 – გორში.

16 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში, ჯამში, COVID-19-ის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 613 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები