დავითგარეჯის საქმე

არქიმანდრიტი კირიონი დავითგარეჯაზე: გახარია ლამის დაადგა ენმ-ის კურსს

არქიმანდრიტი კირიონი

დავითაგარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა ნეოფაშისტური პლატფორმის, ალტ-ინფოს ეთერში დავითგარეჯის საკითხზე ისაუბრა და გაიხსენა, როგორ რეაგირებდნენ ამ თემაზე ქართული ოცნების დროს დანიშნული პრემიერმინისტრები.

არქიმანდრიტმა კირიონმა თქვა, რომ დავითგარეჯის საკითხთან დაკავშირებით ყველაზე მძლავრი შედეგები ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის დროს იყო, თუმცა გიორგი კვირიკაშვილის მოსვლის შემდეგ უძრაობის ხანა დადგა. იგი ასევე დადებითად აფასებს მამუკა ბახტაძის მუშაობას ამ საკითხზე, განსხვავებით გიორგი გახარიასგან, რასაც არქიმანდრიტი კირიონი "სტაგნაციის" პერიოდად მოიხსენიებს.

"ღარიბაშვილი მიდის ხელისუფლებიდან და მის მიერ მთელი ეს მომართული საქმე გაჩერდა. მოდის კვირიკაშვილი და მთლიანად არის უძრაობის პერიოდი - არც უარყოფითი, არც დადებითი, უძრაობაა. ვხვდები მე კვირიკაშვილს ოთხჯერ ან სამჯერ პრემიერის კაბინეტში, გვაქვს საუბრები, თხოვნები, ის ხვდება მერე მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს და არის უცნაური პასუხი. იქ არის ნიუანსი, რომელსაც ჯერ ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ გამოძიებისთვის არ არის ალბათ გაშლილი ეს თემა და მეუბნება [კვირიკაშვილი], რომ მიხეილ ჯანელიძეს შინაგან დონეზე არ ჯერავს ამისი და ამიტომ მეც დაბნეული ვარ, რა ვქნა არ ვიციო. მე გაოგნება გამოვხატე, რადგან აქ საუბარია დოკუმენტალურ ფაქტზე და შინაგანი რწმენით რომ ვერ იჯერებ, რომ ამ კაცმა დანაშაული ჩაიდინა, ეს არ არის მოსაყვანი.

შემდგომ პრემიერად მოდის მამუკა ბახტაძე და მინდა, მას მადლობა განვუცხადო და ამას ვამბობ, სადაც ვახერხებ ამის თქმას, იმიტომ რომ მასთან შეხვედრა მქონდა ორჯერ, ავუხსენი ყველაფერი და ვუთხარი, რომ კომისიაში გლახად არის საქმე და მან მკითხა, მამა კირიონ რა შეიძლება გავაკეთო მე, როგორც პრემიერმა და მე ვუთხარი, რომ აუცილებელია და სასწრაფოა კომისიის გაჯანსაღება. იმ მოკლე დროში, რაც ის პრემიერი იყო, ეს იყო სრული პოზიტივი ამ საქმეში. თუმცა, არ ჰქონდა ის ენერგია მიწოლის, რაც ჰქონდა ღარიბაშვილს". - თქვა მან.

არქიმანრიტი კირიონის თქმით, მამუკა ბახტაძის შემდეგ პრემიერმინისტრის პოსტზე დანიშნულ გიორგი გახარიასთან მას დავითგარეჯის საკითხის გამო პირადი დაძაბულობა ჰქონდა, რაც მისსავე მძაფრ და შეუვალ კრიტიკაში გამოიხატებოდა.

"მერე მოდის გახარია, რომლის დროსაც არათუ გაიყინა საქმე და გაჩერებულია, სტაგნაციაა. ანუ, თითქმის, ლამის დაადგა იმ კურსს, რასაც ნაციონალური მოძრაობა ახორციელებდა და აი, აქ უკვე ხდება მონასტრის დაძაბულობა და გემახსოვრებათ ჩემი კრიტიკა მისდამი, როგორი მძაფრი და შეუვალი იყო.

ამ დაძაბულობის პიკზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ უშუალოდ მე და გახარიასაც გვაქვს ერთმანეთში, ბრუნდება პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილი და მე მივდივარ მასთან და ვეუბნები, ირაკლი, აქ ხალხი საქმეში ვერ ერკვევა, ვერ იხედებიან ღრმად და ძალიან გთხოვ, დამეხმარე". - თქვა მან.

დავითგარეჯის მამათა მონასტრის ხელმძღვანელი იხსენებს, რომ 2019 წელს მან ირაკლი ღარიბაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის იურიდიული და ფაქტობრივი მასალების გაცნობა სთხოვა. მისივე თქმით, ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ ეს გააკეთა.

"რა თქმა უნდა, გაერკვია ბიძინა ივანიშვილი ამ საკითხში, გაოგნდა კაცი და თქვა, რომ აბსოლუტურად რაც შეგვიძლია, რომ ჩემგან დაგეხმაროთ, მე მზად ვარ, რა თქმა უნდა, ამ საკითხში უნდა ვიყოთ პრინციპულები და უკან არ უნდა დავიხიოთ არაფერში, რაც იურიდიულ-ფაქტობრივ დონეზე მასალები ჩვენ გვაქვს". - თქვა მან.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

კომენტარები