მკლავჭიდის ფედერაცია

დაპირისპირება მკლავჭიდის ფედერაციის სხდომაზე - სოსო ჯაჭვლიანს კვერცხები დაუშინეს

მკალვჭიდის ფედერაციის გამგეობის სხდომა დაპირისპირების გამო ჩაიშალა. ფედერაციის პრეზიდენტს, სოსო ჯაჭვლიანს ნაკრების მწვრთნელთა და სპორტსმენთა ნაწილი სხდომაზე შეუვარდა, წყალი შეასხა და კვერცხები დაუშინა.

გამგეობის სხდომა დილის 10 საათზე დაიწყო. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სხდომაზე მისულ მწვრთნელებსა და მკლავჭიდელებს სოსო ჯაჭვლიანის მოთხოვნით სპეციალური დაცვა დახვდათ, რომელიც მათ შენობაში არ უშვებდა. მიუხედავად ამისა, ისინი სხდომაზე მაინც შევიდნენ და სოსო ჯაჭვლიანს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ადგილზე მისული მწვრთნელები, მკლავჭიდელები და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, რევაზ ლუთიძე, მოითხოვდნენ, რომ სოსო ჯაჭვლიანმა დაკავებული თანამდებობა დატოვოს.

ისინი ასევე ამბობენ, რომ სოსო ჯაჭვლიანმა ვერ მოახერხა სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან საერთო ენის გამონახვა.

"უბრალოდ უნდა, რომ გაამწვავოს, აგვაყვიროს, ასეთი სიტუაცია გავაკეთოთ და მერე გამოვიდეს და დაგვარქვას, რომ ნაციონალები ვართ, ლეიბორისტები ვართ. არანაირ ეგეთ სიტუაციას არ მოვერგებით, უბრალოდ ვართ სპორტსმენები და გამოვხატავთ ამას". - ამბობს რუსთავი 2-თან ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი, რევაზ ლუთიძე.

კომენტარები