მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ბრალს სდებენ თავდასხმაში

0 კომენტარი
განჯა ფოტო: AA

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ბრალს სდებენ თავდასხმაში და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში.

ოფიციალური ბაქოს განცხადებით, განჯაზე სომხური სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 მოქალაქე დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ამავდროულად, ერევანი აზერბაიჯანს საარტილერიო თავდასხმაში ადანაშაულებს.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის სამსახურის განცხადებით, ქვეყნის მეორე ყველაზე დიდ ქალაქ განჯაში, რომელიც მთიანი ყარაბაღიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, საცხოვრებელ რაიონში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, დაახლოებით 20 შენობაზე.

სომხეთი უარყოფს ამ ინფორმაციას.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი სომხეთს განჯაზე თავდასხმით ომის დანაშაულის ჩადენაში ბრალს სდებს - "ისინი ამაზე პასუხს აგებენ... თუ საერთაშორისო საზოგადოება არ დასჯის სომხეთს, ჩვენ გავაკეთებთ ამას". 

ალიევის სიტყვების თანახმად, აზერბაიჯანის არმიამ აიღო ორი რეგიონი, ფიზული და ჯაბრაილი, რომელიც ადრე სეპარატისტებს ეკავათ.

"ბრძოლის ველზე უპირატესობა გვაქვს" - მისივე თქმით, აზერბაიჯანის ძალები სამოქალაქო დასახლებებს მიზანში არასდროს იღებენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანის მტკიცებას, რომ სომხეთმა აზერბაიჯანულ ქალაქებზე შეტევა მიიტანა. ერევანი ბაქოს ადანაშაულებს მთიან ყარაბაღში დასახლებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, სტეფანაკერტზე საარტილერიო შეტევის განხორციელებაში. 

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის შეტევის შედეგად დაიღუპა სამი სამოქალაქო პირი. 

Reuters-ის გადამღების თქმით, მან შუაღამით სტეფანაკერტში გაიგონა აფეთქებების ხმა. 

სომხური მხარის განცხადებით, აზერბაიჯანულმა დრონებმა სომხეთის დასახლებებს გადაუფრინეს, სამხედრო დანადგარებს დაარტყეს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანეს. 

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, თავდასხმა შეაფასა, როგორც "სომეხი ხალხის გენოციდის მცდელობა". 

ოფიციალური ბაქოს განცხადებით, 27 სექტემბრიდან დაღუპულია აზერბაიჯანის 60 და დაჭრილია 270 სამოქალაქო პირი. სამხედრო ძალის მხარეს მსხვერპლზე აზერბაიჯანს ინფორმაცია არ გაუსაჯაროვებია

მთიანი ყარაბაღის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის თქმით, დაღუპულია 633 სამხედრო და 34 სამოქალაქო პირი.

მთიან ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს განახლდა. მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე მოსკოვში 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი იმავე დღეს დაადანაშაულეს.

სომხეთი თურქეთს აზერბაიჯანის ღიად დახმარებაში და იარაღის და სამხედრო ძალის მიწოდებაში ადანაშაულებს, მათ შორის ლაპარაკია აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლების გაგზავნაზე, რასაც აზერბაიჯანი უარყოფს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები