კორონავირუსი საქართველოში

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები მთავრობას: აუდიტორიაში სწავლის განახლება დაუშვებელია

0 კომენტარი
ფოტო: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს მთავრობას წერილით მიმართავენ. სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების ფონზე აუდიტორიებში სწავლის განახლება დაუშვებელია. 

წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ სამედიცინო უნივერსიტეტს არ აქვს გეგმა იმ სტუდენტებთან დაკავშირებით, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ და, წერილის ავტორების ინფორმაციით, მათზე სრულად იხსნიან პასუხისმგებლობას, სწავლის გაცდენა კი ამ სტუდენტებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს.  

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დისტანციურად სწავლის გაგრძელების მოთხოვნით პეტიციაც შექმნეს.

სტუდენტების წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"წერილის ავტორები ვართ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და ამ წერილით გიზიარებთ, არამარტო ჩვენს, არამედ ჩვენი კურსელების, თანაფაკულტეტელებისა და თსსუ-ს სტუდენტთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრს.

მოგეხსენებათ, რომ პრემიერის რეკომენდაციით უნივერსიტეტებში აუდიტორიული სწავლა უნდა გაგრძელდეს მხოლოდ ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებზე, დანარჩენი კი დარჩეს ონლაინ. ჩვენმა უნივერსიტეტმა [თსსუ-მ], დღეს მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ორშაბათს, 19 ოქტომბერს, მთელი უნივერსიტეტი, გარდა კონკრეტულ კლინიკებში არსებული კათედრებისა, სწავლას განვაგრძობთ აუდიტორიებში. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვეცდებით, დავიცვათ რეკომენდაციები, საზოგადოებრი ტრანპოსრტით მგზავრობისას, ძალიან რთული და სიმართლე რომ ვთქვათ, შეუძლებელიც კია სოციალური დისტანციის დაცვა. იმ ვითარებაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე იმატებს და სადაცაა მიაღწევს ოთხნიშნა რიცხვს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ დაუშვებელია სააუდიტორიო [ე.წ. Offline] სწავლების განახლება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ სახლში სტუდენტთა საკმაოდ დიდ ნაწილს ჰყავს სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები, მოხუცები და ასევე ონკოპაციენტები, რომელთათვისაც ამ ვირუსის გადადების საფრთხე და გამოსავალი არსებული დაავადებების ფონზე არის ძალიან საშიში და უარეს შემთხვევაში, ლეტალურიც კი.

ყველა ვთანხმდებით, რომ მედიცინის ონლაინ სწავლა ვერ იქნება ისეთი ეფექტიანი, როგორც აუდიტორიული მეცადინეობა, მაგრამ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ, მომავალ ექიმებს, ვფიქრობ, გვმართებს კეთილგონიერება, უნდა გავაანალიზოთ ჩვენთვის დაკისრებული ვალდებულება და მაქსიმალურად ვეცადოთ, შევიკავოთ თავი მასობრივი თავშეყრისგან. იმ პირობებში, როდესაც მოვუწოდებთ ყველას სოციალური დისტანცირებისკენ, არ მიგვაჩნია სწორად თსსუ-ში არსებული არცერთი ფაკულტეტის სტუდენტებს, მათ შორის მედიცინის ფაკულტეტსაც, თუნდაც რამდენიმე სტუდენტი მივიდეთ პაციენტთან და გავსინჯოთ ის. ამით ჩვენ ვეწინააღმდეგებით ჩვენს მთავარ მოწოდებას “არ ავნო”.

აქვე გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ იმ საკითხზე, რომ უნივერსიტეტს არ აქვს არანაირი გეგმა იმ სტუდენტებთან დაკავშირებით, რომლებსაც დაუდასტურდებათ „კოვიდ-19“ ან იმყოფებიან თვითიზოლაციაში. რა თქმა უნდა, ეს სტუდენტები სწავლას აუდიტორიაში ვერ განაგრძობენ და მათზე პასუხისმგებლობას, როგორც აღმოჩნდა, სრულად იხსნის უნივერსიტეტი. ერთი, ორი ან თუნდაც სამი კვირის განმავლობაში სწავლის გაცდენა თითოეული სტუდენტისთვის, და მათ შორის მათთვის, ვინც კურაციულ სწავლებაზეა და გადის ერთკვირიან საგნებს, ძალიან მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. ვფიქრობთ, ეს იმაზე გაცილებით ცუდია, ვიდრე აკადემიური პროცესის “ონლაინ” გაგრძელება.

იმედს ვიტოვებთ არ დატოვებთ ამ ამბავს უყურადღებოდ და გაითვალისწინებთ ჩვენს აზრს. ჩვენ, სტუდენტები, მაქსიმალურად ვეცდებით გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ გვჭირდება ხელშეწყობა ზემდგომი ორგანოებისაგან.

ამ ყველაფერთან ერთად, ამჟამად ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავთ უნივერსიტეტში ვიაროთ იმ სტუდენტებმა, რომლებიც არ გავდივართ პრაქტიკულ საგნებს, რამეთუ თეორიული ნაწილის ჩაბარება დისტანციურადაც თავისუფლადაა შესაძლებელი. უნივერსიტეტში სიარულით კი ტყუილად, ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე, საფრთხეს შევუქმნით არა მხოლოდ საკუთარ თავებს, არამედ ჩვენს კურსელებს, ოჯახის წევრებსა და ლექტორებს, რამეთუ ლექტორთა უმრავლესობა სწორედ რისკ-ჯგუფს წარმოადგენს, როგორც ასაკის, ასევე ქრონიკული დაავადებების მხრივ. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ დიდ ნაწილს აქვს შეხება უამრავ პაციენტთან და ნაწილი კოვიდ ცენტრებშიც კი მუშაობს. მათთან ურთიერთობით საფრთხე გვექმნება ჩვენ, ხოლო, ჩვენ კი, ვინც კლინიკებში ვმუშაობთ, თავის მხრივ, საფრთხის ქვეშ ვაყენებთ ჩვენს პაციენტებსაც. ის სტუდენტები კი რომლებიც კოვიდ ცენტრებში მუშაობენ ასევე საფრთხეს წარმოადგენენ როგორც ჩვენთვის, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისთვისაც." - ვკითხულობთ წერილში. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა 19 ოქტომბერს განახლდება. პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მათ ექნებათ რეკომენდაცია, იქ, სადაც შესაძლებელია დისტანციური სწავლება, ეს განახორციელონ. მაგრამ, იქ, სადაც შესაძლებელი არ არის, პრემიერის თქმით, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები უნდა ჩაატარონ აუდიტორიებში. 

დღეს, 17 ოქტომბერს, საქართველოში COVID-19-ის 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 827 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 128 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები