მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ბრალს სდებენ

0 კომენტარი
განჯა. 17 ოქტომბერი. ფოტო: Reuters

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ბრალს სდებენ

მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებაზე 17 ოქტომბერს, საღამოს შეთანხმდნენ და ის 00:00 საათიდან ძალაში შევიდა.

ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, თავის აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს ესაუბრა და მხარეებს მოუწოდა, რომ ერთი კვირის წინ დადებული შეთანხმება დაცული უნდა იყოს.

ამავე საღამოს მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ მზაობა გამოთქვა ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წესების დაცვაზე.

ეს გადაწყვეტილება მხარეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც 17 ოქტომბერს ბაქოს განცხადებით, განჯაზე სომხური სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 მოქალაქე დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ამავდროულად, ერევანმა ბაქო დაადანაშაულა მთიან ყარაბაღში დასახლებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, სტეფანაკერტზე საარტილერიო შეტევის განხორციელებაში - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის შეტევის შედეგად დაიღუპა სამი სამოქალაქო პირი. 

ოფიციალური ბაქოს განცხადებით, 27 სექტემბრიდან დაღუპულია აზერბაიჯანის 60 და დაჭრილია 270 სამოქალაქო პირი. სამხედრო ძალის მხარეს მსხვერპლზე აზერბაიჯანს ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია. 

მთიანი ყარაბაღის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის თქმით, დაღუპულია 633 სამხედრო და 34 სამოქალაქო პირი.

მთიან ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს განახლდა. მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე მოსკოვში 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი იმავე დღეს დაადანაშაულეს.

სომხეთი თურქეთს აზერბაიჯანის ღიად დახმარებაში და იარაღის და სამხედრო ძალის მიწოდებაში ადანაშაულებს, მათ შორის ლაპარაკია აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლების გაგზავნაზე, რასაც აზერბაიჯანი უარყოფს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები