COVID-19 აჭარაში: 343 ახალი შემთხვევა და ორი გარდაცვლილი

რადიო თავისუფლება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული ახალი კორონავირუსის 1 192 შემთხვევიდან 343 აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამოვლინდა. გუშინ ეს რიცხვი შედარებით ნაკლები, 226 იყო. გასულ 24 საათში აჭარაში გამოჯანმრთელდა 167 ადამიანი, 2 - გარდაიცვალა.

გარდაცვლილთაგან ერთი 88 ქალი იყო. დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, პნევმონია დაუზუსტებელი. გართულება: სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

მეორე გარდაცვლილი არის 60 წლის ქალი. დიაგნოზი: კოვიდ 19, გულის გაჩერება მისი მოქმედების წარმატებული აღდგენით, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები. თანმხლები დაავადება: ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი. 

აჭარაში Covid კლინიკებში მკურნალობას გადის 630 პაციენტი, 17 არასრულწლოვანი, 31 ორსული. რეანიმაციაში მოთავსებულია - 70 პაციენტი. თავისუფალი საწოლები - 40. Covid სასტუმროებში იმყოფება 984 პირი, 77 არასრულწლოვანია. აჭარაში ბინაზე 1 400-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

ინფიცირების გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსული ინფექციისგან აჭარაში 5 019 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

15 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ აჭარაში ეპიდემიური მდგომარეობა "მეტნაკლებად დასტაბილურდა", რის გამოც უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 19 ოქტომბრიდან მუნიციპალიტეტში აღდგეს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. თუმცა, დარჩა სხვა შეზღუდვები. 

18 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 17 477 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 060 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 136 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.  აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. აჭარაში, თბილისსა და იმერეთში კი რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები