არჩევნები 2020

დაუპიპინე ბიძინას – ევროპული საქართველო 21 ოქტომბერს საავტომობილო აქციას გამართავს

ევროპული საქართველო

21 ოქტომბერს ევროპული საქართველო საავტომობილო აქციას კოდური სახელწოდებით – დაუპიპინე ბიძინას გამართავს. პარტიის წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, აქცია პანდემიის პირობებში შეკრების უსაფრთხო ალტერნატივაა და ეს საზოგადოებას ჯანდაცვასთან დაკავშირებულ რისკებს ააცილებს.

"ოთხშაბათს, ვგეგმავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა ქალაქში და მათ შორის თბილისში, მასობრივ საავტომობილო აქციას, შეგვიძლია, ვთქვათ, კოდური სახელწოდებით –დაუპიპინე ბიძინას. ბუნებრივია, ბევრი ადამიანის შეკრება ერთად, ერთ სივრცეში ქმნის ჯანდაცვასთან დაკავშირებულ რისკებს, მაგრამ ამის უსაფრთხო ალტერნატივა არის იგივე რაოდენობის ადამიანების გამოსვლა, ოღონდ ავტომანქანებით და სიგნალის მიცემა ბიძინასთვის, რომ მისი დრო ამოიწურა". – თქვა სერგი კაპანაძემ.

ევროპული საქართველო 17 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედნიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისაკენ მსვლელობას გეგმავდა. პარტიამ მსვლელობა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო გააუქმა.

18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 192 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული მაჩვენებელია. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 233 და გარდაიცვალა 8 პაციენტი.

სულ ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცრების 17 477 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 060 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 136 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში (შეზღუდვა არ ეხება წინასაარჩევნო სააგიტაციო შეკრებებს). აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები