ახალი კორონავირუსი საქართველოში

მამუკა ხაზარაძეს COVID-19 დაუდასტურდა

ლელოს ლიდერსა და პრემიერმინისტრობის კანდიდატ მამუკა ხაზარაძეს COVID-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ის საკუთარ Facebook გვერდზე წერს. ხაზარაძის ცნობით, მან ტესტი დაბალი სიცხის გამო ჩაიტარა და ის უკვე თვითიზოლაციაში გადასული. ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს და ქართულ ოცნებას მიმართავს. მისი თქმით, "ხელისუფლების უუნაროდ, არაპროფესიონალურად და უპასუხიმგებლოდ მართულმა პროცესებმა, საქართველოს თითოეული მოქალაქე საფრთხის წინაშე დააყენა".

"მოგესალმებით მეგობრებო, ჩემს თანამებრძოლებს, ლელოელ თანაგუნდელებს და ქართულ საზოგადოებას მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს ჩავიტარე PCR (პჯრ) ტესტი, ვინაიდან მქონდა დაბალი სიცხე. ტესტმა covid19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად, დღეიდან გადასული ვარ თვითიზოლაციაში. ეს პირველი ტესტი იყო, 48 საათში გავიკეთებ კიდევ ერთ ანალიზს, იმისთვის, რომ 100%-ით დავრწმუნდეთ.

ამ მომენტისთვის სიცხე აღარ მაქვს, თავს ვგრძნობ კარგად და ვარ საბრძოლო შემართებით.

ჩვენი ხელისუფლების უუნაროდ, არაპროფესიონალურად და უპასუხისმგებლოდ მართულმა პროცესებმა, საქართველოს თითოეული მოქალაქე საფრთხის წინაშე დააყენა.

ქართული ოცნების კრახმა Covid19-თან ბრძოლაში ათასობით ადამიანი დააზარალა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ეკონომიკური კუთხით...

თუმცა, მინდა ყველას მოგიწოდოთ, ნუ შეშინდებით! ნუ აყვებით პანიკას!

covid19-თან გამკლავება და მისი დამარცხება მარტივადაა შესაძლებელი. წინ უმნიშვნელოვანესი ორი კვირა გვაქვს, ეს ბრძოლა ჩვენი მოსაგებია, ამ ბრძოლაში უკან დახევა და დანებება წარმოუდგენელია. 31 ოქტომბერს ჩვენ ერთად დავამარცხებთ კოვიდ ინფექციასაც და ოცნების ხელისუფლებასაც". – წერს მამუკა ხაზარაძე.

18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 192 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული მაჩვენებელია. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 233 და გარდაიცვალა 9 პაციენტი.

სულ ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცრების 17 477 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 060 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 137 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები