ტერორიზმი

საფრანგეთში სანამ თინეიჯერი მასწავლებელს თავს მოჰკვეთდა, მოსწავლეებს მისი ამოცნობა სთხოვა

ბანერებზე ვკითხულობთ - "მე მასწავლებელი ვარ. გამოხატვის თავისუფლებას ვიცავ"
Yahoo

საფრანგეთში ანიტიტერორიზმის პროკურორის, ჟან ფრანსუა რიკარდის თქმით, თინეიჯერმა, რომელმაც პარიზის გარეუბანში სკოლასთან ისტორიის მასწავლებელს, სამუელ პატის თავი მოჰკვეთა, მანამდე მოსწავლეებს სთხოვა, მიეთითებინათ მასწავლებელზე. 

მიმდინარე თვის დასაწყიში ისტორიის მასწავლებელმა გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე მოსწავლეებს მუჰამედის კარიკატურა აჩვენა.

პოლიციამ წარმოშობით ჩეჩენი, რუსეთში დაბადებული 18 წლის პირი მასწავლებლის მკვლელობიდან რამდენიმე წუთში მოკლა. 

მის ტელეფონში ნახეს მისივე Twitter-ის ანგარიშზე გავრცელებული მასწავლებლის სხეულის ფოტო და მესიჯი, რითაც ის მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებდა:

"ყველაზე მოწყალე ალაჰის სახელით... [პრეზიდენტ ემანუელ] მაკრონს, ურწმუნოთა ლიდერს, მე მოვკალი ერთერთი დემონი, რომელმაც გაბედა და მუჰამედი დაამცირა".

Twitter-მა ეს პოსტი უკვე წაშალა და ანგარიში გააუქმა. 

პროკურორის განცხადებით, 18 წლის პირი პარიზში ცხოვრობდა და ამ დრომდე სადაზვერვო სამსახურისთვის მისი ვინაობა უცნობი იყო.

"მე მინდა, ჩემი დიდი აღშფოთება გამოვხატო. სეკულარიზმი, საფრანგეთის რესპუბლიკის ხერხემალი, ამ საშინელი აქტით მიზანში ამოიღეს". – განაცხადა პრემიერმინისტრმა, ჟან კასტექსმა

თავდამსხმელის ოთხი ახლო ნათესავი დაკავებულია. დაკავებულია კიდევ ხუთი პირი, მათ შორის ერთერთი მოსწავლის მამა და ასევე მოსწავლის მამის ნაცნობი, რომელიც სადაზვერვო სამსახურებისთვის ცნობილია. 

მიმდინარე თვის დასაწყისში მასწავლებლის მიერ მუჰამედის კარიკატურის ჩვენებამ არაერთი მუსლიმი მშობლის გაბრაზება გამოიწვია.

მოსწავლის მამამ ჩაწერა რამდენიმე ვიდეო, სადაც ისტორიის მასწავლებელს ბოროტმოქმედად მოიხსენებდა და მის გათავისუფლებას მოითხოვდა. ერთერთ ვიდეოში მან სხვებს მოუწოდა, "შეერთებოდნენ და ეთქვათ 'გაჩერდი, არ შეეხოთ ჩვენს შვილებს'." ამ ვიდეოებს ის სოციალურ ქსელში ავრცელებდა. პროკურორის განცხადებით, მოსწავლის მამის ნახევარდა სირიაში ისლამურ სახელმწიფოს 2014 წელს შეუერთდა. ჯერჯერობით, უცნობია, თინეიჯერი იცნობდა თუ არა მათ.

18 ოქტომბერს ანტირასისტული ჯგუფები და "შარლი ებდო" ცენტრალურ პარიზში მოკლული მასწავლებლის სამახსოვროდ მიძღვნილ შეკრებას აანონსებენ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 7 იანვარს ძმები საიდ და შერიფ კუაშები შეიჭრნენ "შარლი ებდოს" რედაქციაში და ცეცხლი გახსნეს. მთლიანობაში თავდასხმას 12 ადამიანის, მათ შორის ჟურნალის მთავარი რედაქტორის, წამყვანი კარიკატურისტებისა და ორი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ალ-ქაიდამ და ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღეს.

2015 წლის თავდასხმის შემდეგ "შარლი ებდოს" ოფისი საიდუმლო ლოკაციაზიაზე გადავიდა.

მას შემდეგ, რაც "შარლი ებდომ" თქვა, რომ მოციქული მოჰამედის კარიკატურებს ხელმეორედ დაბეჭდავდა, ალ-ქაიდას მხრიდან გამოცემის მიმართ მუქარა განახლდა. აღსანიშნავია, რომ სექტემბრის დასაწყისში დაიწყო "შარლი ებდოზე" 2015 წლის ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობაში ბრალდებული 14 პირის სასამართლო პროცესი. სასამართლო პროცესის დაწყების წინა დღეს "შარლი ებდომ" ხელახლა დაბეჭდა მუჰამედის კარიკატურები, რომლებიც 2015 წლის თავდასხმის მიზეზი გახდა.

25 სექტემბერს პარიზის ცენტრალურ უბანში, "შარლი ებდოს" ყოფილი ოფისის წინ დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ორი ადამიანი დაჭრა. შინაგან საქმეთა მინისტრის გერალდ დარმანინის ინფორმაციით, თავდამსხმელი პაკისტანიდანაა და საფრანგეთში სამ წლის წინ ჩამოვიდა. პარასკევს პარიზში მომხდარი დანით თავდასხმისთვის დაკავებული ეჭვმიტანილის თქმით, მისი სამიზნე იყო სატირული გამოცემა "შარლი ებდო" . 

კომენტარები