ახალი კორონავირუსი საქართველოში

მიცკევიჩი: უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება

ნუნუ მიცკევიჩი

19 ოქტომბრიდან უმაღლეს სასწავლებლებში საუნივერისიტეტო სივრცეში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება. სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები ისევ დისტანციურად გაგრძელდება. განცხადება ამის შესახებ გააკეთა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა .

"19 ოქტომბრიდან  თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის უმაღლესი სასწავლებლები საუნივერსიტეტო სივრცეებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სამუშაოებს განაახლებენ.

სასწავლო პროგრამების სხვა კომპონენტებს კი მათი უფლებამოსილების ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლები  ისევ დისტანციურად წარმართავენ." - თქვა განათლების მინისტრის მოადგილემ.

ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტების მხრიდან დაცულია სავალდებულოდ შესასრულებელი მოთხოვნები, რომლებიც ერთმეტრიანი დისტანციის დაცვას, სააუდიტორიო სივრცეში სტუდენტების პირბადით გადაადგილებას, დეზობარიერების გამოყენებასა და თერმოსკრინინგს ითვალისწინებს.

"ყველა ის სივრცე, რომელიც სტუდენტებს 19 ოქტომბერს გახსნილი დახვდებათ, იქნება უსაფრთხო და თითოეული მათგანის ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული." - თქვა მინისტრმა.

18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 192 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული მაჩვენებელია. ინფიცირების ყველაზე მეტი – 471 შემთხვევა სწორედ თბილისში გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 233 და გარდაიცვალა 9 პაციენტი.

სულ ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 17 477 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 060 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 137 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები