საფრანგეთი

საფრანგეთში მოკლული მასწავლებლის ხსოვნის პატივსაცემად აქციები გაიმართა

პარიზში ათასობით ადამიანი შეიკრიბა რესპუბლიკის მოედანზე მოკლული მასწავლებლის, სამუელ პატის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. აქციის მონაწილეებმა სამუელ პატის ხსოვნას პატივი მიაგეს წუთიერი დუმილით და საფრანგეთის ჰიმნით. აქციაზე ჩანდა პლაკატები სლოგანით "მე ვარ მასწავლებელი". აქციები გაიმართა ლიონში, ტულუზაში, სტრასბურგში, ნანტში, მარსელსა და ბორდოში.

"თქვენ ვერ შეგვაშინებთ. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ ვერ დაგვყოფთ. ჩვენ საფრანგეთი ვართ" - ასე გამოეხმაურა აქციებს საფრანგეთის პრემიერმინისტრი ჟან კასტექსი Twitter-ზე.

47 წლის ისტორიის მასწავლებელი გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენებისთვის წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის პირმა 17 ოქტომბერს თავი მოჰკვეთა. თავდამსხმელი პოლიციამ თავდასხმის ადგილიდან პარიზში რამდენიმე ქუჩის მოშორებით მოკლა.

პროკურორის განცხადებით, 18 წლის პირი პარიზში ცხოვრობდა და აქამდე სადაზვერვო სამსახურისთვის მისი ვინაობა ცნობილი არ იყო. დაკავებულია თავდამსხმელის ოთხი ახლო ნათესავი. დაკავებულია კიდევ ხუთი პირი, მათ შორის ერთ-ერთი მოსწავლის მამა და, ასევე, მოსწავლის მამის ნაცნობი, რომელიც სადაზვერვო სამსახურებისთვის ცნობილია.

მასწავლებლის მიერ მუჰამედის კარიკატურის ჩვენებამ არაერთი მუსლიმი მშობლის რისხვა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 7 იანვარს ძმები საიდ და შერიფ კუაშები შეიჭრნენ "შარლი ებდოს" რედაქციაში და ცეცხლი გახსნეს. მთლიანობაში თავდასხმას 12 ადამიანის, მათ შორის ჟურნალის მთავარი რედაქტორის, წამყვანი კარიკატურისტებისა და ორი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღეს ალ-ქაიდამ და ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ.

2015 წლის თავდასხმის შემდეგ "შარლი ებდოს" ოფისი საიდუმლო ადგილას გადავიდა.

მას შემდეგ, რაც "შარლი ებდომ" თქვა, რომ მოციქული მოჰამედის კარიკატურებს ხელმეორედ დაბეჭდავდა, ალ-ქაიდას მხრიდან გამოცემის მიმართ მუქარა განახლდა. აღსანიშნავია, რომ სექტემბრის დასაწყისში დაიწყო "შარლი ებდოზე" 2015 წლის ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობაში ბრალდებული 14 პირის სასამართლო პროცესი. სასამართლო პროცესის დაწყების წინა დღეს "შარლი ებდომ" ხელახლა დაბეჭდა მუჰამედის კარიკატურები, რომლებიც 2015 წლის თავდასხმის მიზეზი გახდა.

25 სექტემბერს პარიზის ცენტრალურ უბანში, "შარლი ებდოს" ყოფილი ოფისის წინ დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ორი ადამიანი დაჭრა. შინაგან საქმეთა მინისტრის გერალდ დარმანინის ინფორმაციით, თავდამსხმელი პაკისტანიდანაა და საფრანგეთში სამ წლის წინ ჩამოვიდა. პარასკევს პარიზში მომხდარი დანით თავდასხმისთვის დაკავებული ეჭვმიტანილის თქმით, მისი სამიზნე იყო სატირული გამოცემა "შარლი ებდო".

კომენტარები