კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის 1 186 ახალი შემთხვევიდან 469 თბილისში გამოვლინდა, 360 – აჭარაში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ცნობით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევიდან 469 თბილისში გამოვლინდა , 360 – აჭარაში, იმერეთში – 99, ქვემო ქართლში – 78, შიდა ქართლში – 15, სამეგრელო ზემო სვანეთში – 73, კახეთში – 46, გურიაში – 25, მცხეთა მთიანეთში – 14, სამცხე ჯავახეთში – 7. 

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, დაახლოებით, 70-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ენდელაძის თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის 68 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 6 მკურნალობას რეანიმაციაში გადის, 3 პაციენტი კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალოზე მძიმე და მძიმეა. 

მისივე ცნობით, ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული 1 თვის ბავშვი მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

დღეს, 19 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 278 და გარდაიცვალა 7 პაციენტი. 

ქვეყანაში სულ 10 325 აქტიური შემთხვევაა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები