ახალი კორონავირუსი საქართველოში

ენდელაძე: ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზება, თავსდებიან ჰოსპიტალში, საკმარისი საწოლებია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე, ამბობს, რომ არ გაუგია ისეთი შემთხვევა, როდესაც პაციენტს ჰოსპიტალიზება სჭირდება და ის არ გადაჰყავთ. როგორც ედნელაძე განმარტავს, ჯერჯერობით, ყველა პაციენტი, ვისაც ჰოსპიტალიზება სჭირდება, გადაჰყავთ ჰოსპიტალებში. ენდელაძის თქმით, ქვეყანაში საკმარისი საწოლების რაოდენობაა ვისთვისაც ეს საჭიროა.

"მე ასეთი შემთხვევა არ გამიგია. ვფიქრობ, რომ ყველა პაციენტი, ჯერჯერობით, კმაყოფილდება, ის პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, თავსდებიან ჰოსპიტალში. მე, პირადად, ასეთი შემთხვევა არ ვიცი. არსებობს საკმარისი საწოლები მათთვის, ვისთვისაც ეს აუცილებელია". – ამბობს მარინა ენდელაძე.

დღეს, 19 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 469 თბილისში გამოვლინდა , 360 – აჭარაში, იმერეთში – 99, ქვემო ქართლში – 78, შიდა ქართლში – 15, სამეგრელო ზემო სვანეთში – 73, კახეთში – 46, გურიაში – 25, მცხეთა მთიანეთში – 14, სამცხე ჯავახეთში – 7. 

ქვეყანაში სულ 10 325 აქტიური შემთხვევაა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები