არჩევნები 2020

ცერცვაძე: არჩევნებზე არავინ დაინფიცირდება, საარჩევნო კამპანიის პერიოდი შეიცავს რისკებს

თენგიზ ცერცვაძე

საარჩევნო კამპანია შეიცავს რისკს და არა არჩევნების დღე - ასე პასუხობს კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე კითხვას, რამდენად გაზრდის ინფიცირების რისკებს დაგეგმილი არჩევნები.

"რა თქმა უნდა, ზრდის რისკს ერთი მიზეზის გამო - საარჩევნო კამპანიაა ძალიან აქტიურ სტადიაში და საარჩევნო კამპანია, მათ შორის, შორის მოიცავს ხალხმრავალი შეკრებების საჭიროებას. ამისი მაგალითი გქონდათ რამდენიმე დღის წინ, ბათუმში, სადაც ხალხმრავალი შეკრება გაიმართა ისე, რომ არ იყო დაცული ელემენტარული ზომები. რა იქნებოდა, ზუსტად ისეთი შეკრება გამართულიყო, მას ისეთივე შედეგი ექნებოდა პარტიის მხარდამჭერებისთვის, ოღონდ ნიღაბი ჰქონოდა ყველას". –ამბობს ცერცვაძე და აღნიშნავს, რომ ყველა არ ასრულებს იმ "რბილ, მინიმალურ, არადრაკონულ" რეგულაციებს, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს.

"თვითონ არჩევნები კი არ ქმნის რისკის, იმიტომ, რომ უბნებზე ისეთი ზომებია მიღებული, იქ არავინ დაინფიცირდება, აქ შეიძლება უფრო გადავდოთ ერთმანეთს, ვიდრე საარჩევნო უბნებზე". – მიმართა ცერცვაძემ მედიას მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

"საარჩევნო კამპანიის პერიოდი შეიცავს რისკებს, რა ვქნათ, ამ რისკებს თავიდან ვერ ავიცილებთ, სახელმწიფო როცა ამბობს, რომ უარს ამბობს შეზღუდვებზე და იღებს გაზრდილი რაოდენობის მართვის პასუხისმგებლობას, ის აქ გულისხმობს იმ რისკებსაც, რომელსაც საარჩევნო კომპანია შეიცავს". – აღნიშნავს კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები