აშშ-ს არჩევნები 2020

აშშ-ს საპრეზიდენტო დებატების დროს კანდიდატისთვის მიკროფონის გათიშვა იქნება შესაძლებელი

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი
AP

დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის შემდეგი დებატების დროს საპრეზიდენტო დებატების კომისიას შეეძლება, კანდიდატებს მიკროფონი გაუთიშოს. კანდიდატის მიკროფონი გაითიშება, როდესაც მისი ოპონენტი კითხვაზე პასუხს სცემს.

90-წუთიანი დებატები ექვს 15-წუთიან ნაწილად არის დაყოფილი. თითოეულ კანდიდატს 2 წუთი აქვს, რათა საკუთარ შენიშვნებზე ისაუბროს, კითხვას პასუხი გასცეს, რის შემდეგაც დებატები ღია ფორმატით გრძელდება. 

საპრეზიდენტო დებატების კომისიამ ორშაბათს გამოაცხადა, რომ ამ ფორმატის დაცვისთვის 2 წუთიანი პერიოდის განმავლობაში ჩართული იქნება მხოლოდ იმ კანდიდატის მიკროფონი, რომლისთვისაც განკუთვნილია სასაუბრო დრო. ღია დისკუსიის დროს ორივე მიკროფონი ჩართული იქნება.

საპრეზიდენტო დებატების კომისია მიიჩნევს, რომ ეს ზომები კარგ ბალანსს ქმნის დებატების დროს და ამერიკელი ხალხის ინტერესებს ემსახურება.

დონალდ ტრამპის კამპანიამ კომისიის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, თუმცა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი დებატებში მონაწილეობას მიიღებდა. ჯო ბაიდენს კამპანიას დებატების წესების ცვლილებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

დებატების რეგლამენტში ცვლილებები განაპირობა 30 სექტემბერს ჩატარებულმა პირველმა საპრეზიდენტო დებატებმა. ორივე კანდიდატი ერთდროულად ლაპარაკობდა, დონალდ ტრამპმა კი ბაიდენს სიტყვა 70-ზე მეტჯერ გააწყვეტინა. დებატებზე ტრამპს და ბაიდენს ერთმანეთის მისამართით სალანძღავი სიტყვები არ დაუშურებიათ. ბაიდენმა პრეზიდენტს "კლოუნი" და "პუტინის ლეკვი" უწოდა და ერთ-ერთ მომენტში კი ტრამპს უთხრა, რომ "მოეკეტა".

მეორე საპრეზიდენტო დებატები, რომლებიც 15 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა. დონალდ ტრამპის COVID-19-ის დიაგნოზის გამო დებატების კომისიას სურდა დებატები ვირტუალურად ჩაეტარებინა, მაგრამ დონალდ ტრამპმა ვირტუალურ დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ბოლო დებატები 22 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები