აშშ - სუდანი

აშშ სუდანს $335 მილიონიანი კომპენსაციის სანაცვლოდ ტერორიზმის შავი სიიდან ამოიღებს

მაიკ პომპეო და სუდანის გარდამავალი მთავრობის ლიდერი აბდელ ფატა ალ-ბუჰრანი
AP

აშშ-მ სუდანი ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოების შავი სიიდან ამოიღო. სუდანი დათანხმდა, გადაეხადა $335 მილიონიანი კომპენსაცია 1998 წელს აღმოსავლეთ აფრიკაში აშშ-ს ორ საელჩოზე ალ-ქაიდას მიერ განხორციელებულ ტერაქტებთან სავარაუდო კავშირის გამო.

დონალდ ტრამპმა Twitter-ზე აღნიშნა, რომ თანხა ტერორიზმის მსხვერპლებისა და მათი ოჯახებისთვისაა განკუთვნილი და მისი გადახდისთანავე, პრეზიდენტი სუდანს შავი სიიდან ამოიღებს.

სუდანის პრემიერმინისტრმა აბდალა ჰამდოკმა დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოების შავ სიაში ყოფნა სუდანს ძვირად დაუჯდა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი სუდანის პრემიერმინისტრს სანქციების მოხსნაზე აგვისტოში, ხართუმში ვიზიტის დროს, ესაუბრა.

ბოლო პერიოდში აშშ უფრო აქტიურად ცდილობდა სუდანთან ურთიერთობების აღდგენას, თუმცა ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოების შავი სიიდან ამოღების წინაპირობა კომპენსაციის გადახდა იყო. აშშ-ში იმედოვნებენ, რომ ცვლილებები ხელს შეუწყობს სუდანს ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების დარეგულირებაში.

ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოების შავ სიაში ყოფნა ხელს უშლიდა სუდანს, აეღო საგარეო სესხი და მიეღო სხვადასხვა დაფინანსება. ომარ ალ-ბაშირის დიქტატორული რეჟიმის მმართველობის შედეგად ქვეყანა ეკონომიკურად დასუსტებულია, რასაც თან COVID-19-ის პანდემიაც დაერთო.

სუდანი შავ სიაში 1993 წლიდან შეიყვანეს, მას შემდეგ, რაც ომარ ალ-ბაშირი ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში დაადანაშაულეს. სუდანის ახალი მთავრობა დიდი ხანია თვლის, რომ სუდანი შავი სიიდან ამოღებული უნდა იყოს, ვინაიდან ახალი ადმინისტრაცია რეფორმებისთვის არის მზად. 

1998 წელს ალ-ქაიდას მიერ ტანზანიასა და კენიაში აშშ-ს საელჩოებზე განხორციელებული ტერაქტების შედეგად დაიღუპა 224 და დაშავდა 4000 ადამიანი. იმ პერიოდში ალ-ქაიდას სათავეში ოსამა ბინ ლადენი იყო. აშშ-ს სასამართლომ სუდანი ალ-ქაიდას მხარდაჭერაში დამნაშავედ სცნო. 1991-1996 წლებში ოსამა ბინ ლადენი სწორედ სუდანში იმყოფებოდა.

კომენტარები