კორონავირუსი საქართველოში

მეზვრიშვილი: თუ ამის საჭიროება იქნება, საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც დაწესდება შეზღუდვები

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ თუკი ამის საჭიროება იქნება, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ილაპარაკა. 

„გადაადგილების ნაწილში ბათუმში გვქონდა შეზღუდვები, რომელიც მოვხსენით - შიდა საქალაქთაშორისო გადაადგილებას ვგულისხმობ. თუ საჭიროება კიდევ იქნება, ამაზე საბჭო იმსჯელებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და წერტილოვნად ამ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება". – თქვა მეზვრიშვილმა. 

დღეს, 20 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 15 პაციენტი. 

1 194 შემთხვევიდან, 425 თბილისში აღირიცხა, 372 – იმერეთში, 193 – აჭარაში, გურიაში – 21, სამეგრელო ზემო სვანეთში – 27, ქვემო ქართლში – 53, შიდა ქართლში – 64, მცხეთა-მთიანეთში – 18, კახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 9 და სამცხე ჯავახეთში – 9 . 

ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 19 857 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 666 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 158  კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები