კორონავირუსი საქართველოში

კალაძე: მიკროავტობუსს პირბადის გარეშე 24 მძღოლი მართავდა, ისინი 2 დღე ვერ იმუშავებენ

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, მიკროავტობუსს 24 მძღოლი პირბადის გარეშე მართავდა. მისივე თქმით, ეს მძღოლები 2 დღის განმავლობაში ვერ იმუშავებენ. 

"ჩვენ, რა თქმა უნდა, კონტროლს ვუწევთ, თუმცა არის შემთხვევები, უნდა აღვნიშნო, გვაქვს ჩვენ სრული მონაცემები, თუ რა მდგომარეობა გვაქვს ამ მიმართულებით, როგორც მიკროავტობუსებში, ასევე, ჩვენს ავტობუსებში.  

მიკროავტობუსებს რაც შეეხება, პირბადის გარეშე მართავდა 24 მძღოლი, რომელიც გამოვლინდა და ეს კატეგორიულად მიუღებელია, რომ მიკროავტობუსის მძღოლები იყვნენ პირბადეების გარეშე. ამას, რა თქმა უნდა, როგორც კომპანიის მხრიდან, ასევე, ჩვენი მხრიდან, მოჰყვება მკაცრი რეაგირება. ამ 24 მძღოლის მიმართ მიღებულია შესაბამისი სანქციები. 2 დღის განმავლობაში ისინი ვერ იმუშავებენ, რომ ადამიანებმა იცოდნენ, თუ რამხელა პასუხისმგებლობა აქვთ. ყოველდღიურად ემსახურებიან უამრავ ადამიანს და, მართლაც, უპასუხისმგებლობაა, როდესაც შენ, მძღოლი, რომელსაც გადაგყავს უამრავი ადამიანი, ხარ წარმოდგენილი პირბადის გარეშე". – ამბობს კალაძე.

კალაძის თქმით, მიკროავტობუსებში 224 მოქალაქეს "ჰქონდა მცდელობა, ემგზავრა პირბადის გარეშე", თუმცა, მისივე თქმით, ეს მგზავრები ტრანსპორტში არ დაუშვეს. 

"იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პირბადე ბოლომდე არ ჰქონდათ გაკეთებული და აქ, რაც მინდა ვთქვა, რომ აზრი არ აქვს, უბრალოდ, პირთან გქონდეთ პირბადე და ცხვირზე არ გქონდეთ ჩამოფარებული. თავისუფლად არის შესაძლებელი დაინფიცირება სასუნთქი ორგანოებიდან". – ამბობს კალაძე. 

თბილისის მერის თქმით, "გარკვეული პრობლემები" ავტობუსებშიც იყო. 

"2 088 მგზავრი ეცადა ავტობუსში ამოსვლას პირბადის გარეშე, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება და არ ამოუშვეს ავტობუსში. მიუხედავად იმისა, რომ მითითება იყო ჩვენი მხრიდან, გაეკეთებინათ პირბადე, ეს არ მოხდა და ამ ადამიანების ამოშვება არ მოხდა ავტობუსში". – ამბობს ის. 

კახა კალაძის თქმით, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის გაფრთხილება 1 500-მდე მგზავრს მისცეს, ავტობუსი 116-ჯერ არ დაიძრა, რადგან მგზავრი პირბადეს არ იკეთებდა. 

"რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია და მინდა იმ ადამიანებს მადლობა გადავუხადო, ვინც ეხმარება ჩვენს თანამშრომლებს. არ ვიცი, შეძლება, მიზანმიმართულად აკეთებენ ამას, რომ არ იცავენ უსაფრთხოების წესებს და არ იკეთებენ პირბადეს. ძალიან აქტიურია საზოგადოება, ძალიან აქტიური იყვნენ მგზავრები და მინდა მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის". – ამბობს კალაძე. 

კალაძის ინფორმაციით, ამ წესის დარღვევის გამო პატრული 21 შემთხვევაში გამოიძახეს.  

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა, სერვისცენტრებში მომსახურების დროს რიგები არ იყოს, ასევე, მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში, თუ არ ექნებათ, პირბადეები დაურიგონ. კალაძის თქმით, პირბადეებს უფასო სასადილოებში მოხუცებსაც დაურიგებენ.

21 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 172 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები