ახალი კორონავირუსი საქართველოში

დღეიდან, უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები PCR ტესტით თვითიზოლაციაში გადავლენ

ჯანდაცვის სამინისტრო

დღეიდან, 21 ოქტომბრიდან, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში შემოვლენ და გაკეთებული ექნებათ PCR ტესტი, კარანტინის ნაცვლად, თვითიზოლაციაში გადავლენ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ამ საკითხთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული სპეკულაციები და სიმართლე გახლავთ შემდეგი, ეს ადამიანები, რომლებიც შემოვლენ PCR ტესტებით და ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეს, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებთანაც ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე გვაქვს ურთიერთობა, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე, რომელთაც ტესტი ექნებათ, ეს მოქალაქეები წავლენ თვითიზოლაციაში, ნაცვლად კარანტინისა". – ამბობს მეზვრიშვილი.

მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში 21 703 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 14 პაციენტი, მათ შორის 7 ბათუმში. სულ ვირუსის გავრცელებიდან დღემდე COVID 19-ს 172 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

21 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 172 – გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, იმერეთსა და უკვე მცხეთაშიც, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები