დავთგარეჯის საქმე

მეუფე დოსითე: ნდობას არ იმსახურებს ოკუპანტთან დაახლოებული პირისგან რუკის გადმოცემა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბერლგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა, დოსითეოს ბოგვერაძემ, დავითგარეჯის საქმეზე განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ნდობას არ იმსახურებს ის ფაქტი, რომ რუკა ოკუპანტი ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებთან დაახლოებული პირის ხელიდან გადმოგვეცა.

გაეცანით განცხადებას სრულად.

"გარეჯის საკითხმა ყველა უკიდურესად შეგვაწუხა.

მთელი ამ პრობლემის მიზეზი, გარკვეული წლის, გარკვეული მასშტაბის ხელმოწერილი, ბეჭედდასმული, აღიარებული და ორივე სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული საზღვრის რუკაა. რომელსაც ჩვენ სამართლებრივი, ანუ დოკუმენტი-რუკა ვუწოდეთ. რადგან მასზე აზერბაიჯანისა და საქართველოს იმდროინდელი ბოლშევიკური მთავრობის ხელმოწერაა, როგორც საზღვრის დამდგენი და შეთანხმების ნივთმტკიცება.

ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს ფიქრებს და ზოგჯერ მტკივნეულ საკითხებს ვეხებით, მაგრამ სათქმელი ალბათ უნდა ითქვას.

დღიდან დამოუკიდებლობისა, სახელმწიფო ეკლესიის ქონებას, მის საკუთრებად არ განიხილავს. ფაქტიურად არ მუშაობს, ის რაც კანონშია ჩაწერილი ან კონკორდატით არის განსაზღვრული.

ეკლესია მუდამ ცდილობს სახელმწიფოსთან კონფრონტაციას თავი აარიდოს, ზოგჯერ ეკლესიის გარეთ მყოფი საზოგადოების აზრსაც ითვალისწინებს და ამით ძალზე ზარალდება.

სახელმწიფომ არ მოისურვა, ეკლესია ოფიციალურად ყოფილიყო ჩართული და ინფორმირებული, საზღვრების დემარკაციის და დელიმიტაციის იმ ნაწილში მაინც, სადაც საკითხი ეკლესიის ქონებასაც ეხებოდა.

გარეჯის პრობლემაში ეკლესიის მგრძნობიარე ხმა საზოგადოების წუხილთან ერთად უდაბნოს მკაცრ ბუნებაში იკარგებოდა ხოლმე. გარეჯი ხშირად საზოგადოების, ცალკეული სასულიერო პირებისა და ერისკაცთა პირად წუხილსა და პატიოსნებაზე იყო მინდობილი. ასეა დღესაც.

პარტიულ ინტერესებზე არ ვისაუბრებთ, მაგრამ სახელმწიფო მომგებიანად არასდროს გამოიყურებოდა გარეჯის საკითხთან მიმართებაში.

ის ცდილობს, ეკლესიასთან არაფორმალური ურთიერთობები შეინარჩუნოს. ოფიციოზის პირადი განწყობების შესაბამისად. ასეთმა ურთიერთობამ დააზარალა თვით სახელმწიფო და ეკლესიაც საბოლოო ჯამში.

ეკლესიის დიდი ნაწილი მაყურებლის როლშია. არც კი ვიცით, რეალურად რა პრობლემასთან გვაქვს საქმე. ვიცით მხოლოდ ის, რომ გარეჯის კომპლექსის რაღაც ნაწილს საფრთხე ემუქრება. მის დაცვას ვცდილობთ ისე, ვისაც როგორ შეგვიძლია - დროშებით, რუპორებით, ლოზუნგებით, მანიფესტაციებით...

ხშირად საზოგადოებამ არც ვიცით, ვინ არის ამ მანიფესტაციის სათავეში და რა მიზნები ამოძრავებს მას.

დღემდე, საზოგადოება გარეჯის კომპლექსთან მიმართებაში, პრობლემის განსხვავებულ ვერსიას იცნობდა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ყველაფრის მიზეზი საზღვრის დამდგენი ეგრეთწოდებული სახელმწიფო კომისია ყოფილა.

ამავე დროს, პრობლემის შემადგენელი სხვა მიზეზებიც არსებულა. მაგალითად, იმ დოკუმენტ-რუკის უქონლობა, რომელიც შეიძლებოდა, სახელმწიფო კომისიას, საქართველოს სასარგებლოდ შემოეტანა აზერბაიჯანთან დისკუსიაში. საუბარია, მცირე მასშტაბის სამართლებრივი ძალის მქონე რუკაზე, რომელზეც აზერბაიჯანისა და საქართველოს იმდროინდელი (38 წლის) ბოლშევიკური მთავრობის წარმომადგენელთა ხელმოწერებია, როცა საზღვრები დადგინდა. იმ რუკით გარეჯი საქართველოს ეკუთვნოდა.

ასეთი რუკის ერთი ეგზემპლიარი აზერბაიჯანის მხარეს უნდა ჰქონდეს, მაგრამ სავარაუდოდ, არ აჩენს. არც მის სხვა ორიგინალს არ ცნობს, გარდა ერთადერთისა - ხელმოწერილ, სამართლებრივ დოკუმენტ-რუკისა.

კომისიის გარდა, ამ პრობლემის არსებობის შესახებ სახელმწიფომაც იცოდა, ექსპერტებმაც და მეცნიერებმაც. სახელმწიფო ეძებდა კიდეც ხსენებულ რუკას.

დღეს გარეჯის საკითხზე ქვეყნის საზიანო ქმედებისთვის ორი ღვაწლმოსილი სპეციალისტია დაკავებული.

ნდობას თითქმის არ იმსახურებს რუკის გადმოცემის ფაქტი, რომელიც ოკუპანტი რუსეთის ძალოვან ინსტიტუტებთან დაახლოებული პირების ხელით გადმოეცა საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს.

სწორედ ეს ფაქტი გახდა პროკურატურისთვის დევნის დაწყების საფუძველი. რუსეთისგან უცნაურად და „საგანგებოდ მოპოვებული“ რუკის ეგზემპლიარი, ექსპერტიზის გარეშე სამართლებრივ დოკუმენტად გამოდგება თუ არა, არავინ იცის.

ამ ფონზე არსებობს პასუხგასაცემი კითხვები:

მაგალითად, რუსეთიდან ჩამოტანილი რუკა, ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა?

ორასიათასიანი მასშტაბის მქონე სამართლებრივი რუკა-დოკუმენტი თუ დაკარგული იყო და სახელმწიფო ეძებდა, ეგრეთწოდებულმა საზღვრის დამდგენმა კომისიამ, რატომ ისარგებლა ხუთასიათასიანი მასშტაბის სამართლებრივი რუკით, სადაც, საზღვრის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მონაკვეთი, საქართველოს შემადგენლობაში არ რჩებოდა?

ჩვენი ქვეყნის ინტერესები თუ არ იყო გარკვეული და დაცული, ორი ქვეყნის კომისიებს შორის რა თანხმობის დოკუმენტზე მოხდა ხელმოწერა?

ან პირიქით, თუ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაცულია კომისიის შეთანხმებაში, სისხლის სამართლის დევნა რატომ ხორციელდება?

კომისიის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი რა სამართლებრივი შეთანხმების დამდგენ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს, რა ძალ-მოსილება გააჩნია მას?

საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, გამოქვეყნდეს (მთლიანად ან ნაწილობრივ) რა შეთანხმებას მოეწერა ხელი კომისიების დონეზე.

გასაგებია, რომ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება არ მომხდარა, მაგრამ კომისიის დონეზე რა შინაარსის საბუთს მოეწერა ხელი, ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე კითხვაც იქნება და პასუხიც.

საინტერესოა, მხოლოდ კომისიის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება. რომელიმე სახელმწიფოს აძლევდა უფლებას სადაო ტერიტორია ერთპიროვნულად დაეკავებინა?

იქნებ კომისია სრულიად მართებულად მოქმედებდა?

ახლა სახელმწიფომ ამომწურავი პასუხი უნდა გასცეს საზოგადოებაში გაჩენილ ამ და სხვა კითხვებს.

პასუხზე იქნება დამოკიდებული, ნდობას იმსახურებს თუ არა ყველა ის პირი და ინსტიტუცია, ვინც ოფიციალურად ან არაოფიციალურად არის ჩართული ამ საქმეში.

ეს მნიშვნელოვანია, ვიდრე ვინმეს ბრალეულობის შესახებ დავიწყებთ საუბარს".

კომენტარები