საკადრო საკითხებთან გამართულ თათბირზე ალექსანდრ ლუკაშენკომ პოლიციას მოუწოდა, არ დაეპატიმრებინათ 73 წლის აქტივისტი ნინა ბაგინსკაია, რომელიც ბელარუსში პროტესტის სიმბოლო გახდა.
ლუკაშენკო ამბობს, რომ თუ ნინა ბაგინსკაიას დააპატიმრებენ, "ოპოზიცია აღარ იქნება". ამ დროისთვის ბელარუსი ოპოზიციონერი ლიდერები, ან დაპატიმრებულები არიან, ან იძულებით ემიგრაციაში.
"თქვენ დააკვირდით და ნინა ბაგინსკაია არ წაიყვანოთ მოედნებიდან. ნინა ბაგინსკაიას თუ წაიყვანთ, ოპოზიცია აღარ იქნება. აღარავინ იქნება, ვინც გაგვლანძღავს. მე მახსოვს, რომ ნინა ბაგინსკაია ... ხუმრობით ვამბობ, რომ ის ჯერ კიდევ პოზნიაკის უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა. ყოჩაღია. ის ერთგული ადამიანია. რა გინდა, რომ თქვა. ის ერთგულია. კი, ჩვენი შეხედულებები კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ეს არის ერთგული ადამიანი, მისი ქუჩიდან მოშორება არც ერთ შემთვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ გაქრება დეკორაციები". – თქვა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
ნინა ბაგინსკაია სხვადასხვა საპროტესტო აქციაში 1988 წლიდან მონაწილეობს. 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ის განსაკუთრებით პოპულარული გახდა. 13 აგვისტოს პოლიციას ბაგინსკაიას გაჩერება უნდოდა, რადგან მას პროტესტის სიმბოლო, თეთრ-წითელ-თეთრი დროშა ეჭირა, რაზეც ბაგინსკაიამ უპასუხა - "მე ვსეირნობ". ეს ფრაზა დემონსტრანტებში ძალიან პოპულარული გახდა. "მე ვსეირნობ" დაარქვეს ჩატ-ბოტს, რომელიც აქციების მონაწილეების რაოდენობას ითვლის.
დემონსტრაციების განმავლობაში ნინა ბაგინსკაია არაერთხელ დააპატიმრეს.